რუსეთი-საქართველო

რუსული მედია: რუსეთში ფორუმ "კულტურათა დიალოგს" წელს საქართველოც შემოუერთდა

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს, TACC-ის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლების, კულტურული ინიციატივებისთვის პრეზიდენტის ფონდისა და ტელევიზიისა და რადიოს საერთაშორისო აკადემიის მხარდაჭერით, ერმიტაჟის სახელმწიფო მუზეუმში "კულტურათა დიალოგის" რიგით მეჩვიდმეტე საერთაშორისო მედიაფორუმი 19-დან 21 მაისამდე ტარდება.

ფორუმში 16 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, წარმომადგენლებიც იღებებენ მონაწილეობას. 

ვინ წარმოადგენს საქართველოს მედიაფორუმზე ჯერჯერობით უცნობია.

"ურთულესი საერთაშორისო ვითარების მიუხედავად, ფორუმი საერთაშორისო ფორმატს აგრძელებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ 16 სახელმწიფოს წარმომადგენელია. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, რა კარგია, რომ მონაწილეობთ ამ დიალოგში და შეძლებთ თქვენით შეიქმნათ შთაბეჭდილება ჩვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უპრეცედენტო საინფორმაციო ომი მიმდინარეობს". - თქვა რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელმა და კრემლის პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა ფორუმის გახსნისას. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნებს შორის, რომლებიც წელს ფორუმს შემოუერთდა, არის: სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, სერბეთი, საბერძნეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ირანი, სამხრეთ ოსეთი და სხვები.

"კულტურათა დიალოგის" ოფიციალური საიტის თანახმად, უკვე 12 წელია, ორგანიზაცია არის ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა რუსეთში, სადაც ყოველწლიურად იკრიბებიან ახალგაზრდა ჟურნალისტები 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

"მედიაფორუმის მუშაობაში გაწევრიანებით თქვენ ხდებით უდიდესი მედია ღონისძიების ნაწილი: სხვა ქვეყნების კოლეგებთან ერთად ეძებთ პასუხებს თანამედროვე მედია გამოწვევებზე, წარმოგიდგენთ თქვენს ტრანსსასაზღვრო პროექტებს, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის გაუცხოების დასაძლევად". - ვკითხულობთ საიტზე. 

კომენტარები