ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ხუეი “სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის” მიზნით უკრაინაში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ლი ხუეი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა.
ვიზიტი 26 აპრილს უკრაინისა და ჩინეთის ლიდერებს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაციის შემდგომ ორი ქვეყნის ურთიერთობის მეტად გაღრმავების მცდელობას წარმოადგენს.
"მხარეებმა განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ამასთან, განხილვის თემა იყო რუსული აგრესიის შეწყვეტის გზების ძიებაც.
კულებამ ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული მშვიდობის აღდგენის პრინციპების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ მიიღებს წინადადებას, რომელიც მისი ტერიტორიების დაკარგვით ან კონფლიქტის გაყინვით დასრულდება.
მხარეებმა განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გრძელვადიანი პერსპექტივები და საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციის გახშირებაზე შეთანხმდნენ". - წერს შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის, ალექსეი მასლოვის თქმით, ლი ხუეი, რომელიც 2019 წლამდე ათწლეულის განმავლობაში რუსეთში ჩინეთის ელჩის პოზიციას იკავებდა, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მედიაციისთვის მოსკოვისთვის “საუკეთესო არჩევანია”.
ლი, რომელმაც წარსულში განაცხადა, რომ ჩინეთს “ძლიერი რუსეთი” სჭირდება, უკრაინასა და მის დასავლელ პარტნიორებში უნდობლობას იწვევს და ჩინეთის, როგორც მშვიდობის ნეიტრალური შუამავლის როლს დამატებით ეჭვქვეშ აყენებს.
სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი აპრილის თვეში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგსა და მის უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ პირველად გამართულ სატელეფონო საუბარს მოჰყვა.





