რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის დაწყებიდან უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მასა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს შორის ომის დაწყების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს. 

"ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი შედგა ჩემსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს შორის. მჯერა, რომ ეს საუბარი, ისევე როგორც ჩინეთში უკრაინის ელჩის დანიშვნა, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას მეტად წინ წასწევს". - წერს ზელენსკი. 

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინფინგმა ზელენსკისთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩინეთი უკრაინაში საკუთარი წარმომადგენლის გაგზავნას გეგმავს. ვიზიტის მიზანი კრიზისის დასარეგულირებლად ყველა მხარესთან  სიღრმისეული კომუნიკაციაა. 

სატელეფონო საუბართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 


ჩინეთის ლიდერის რუსეთში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ გამოთქვა სი ძინფინგთან შეხვედრის სურვილი. 

"ჩვენ მზად ვართ, ვიხილოთ ის აქ [უკრაინაში]. მე მსურს მასთან საუბარი. სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებამდე მასთან კომუნიკაცია მქონდა, თუმცა გასული წლის განმავლობაში, წელიწადზე მეტია აღარ გვისაუბრია". - თქვა ზელენსკიმ და ჩინეთის პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია. 

ჩინეთი ცდილობს რუსეთ-უკრაინის ომში შუამავლის როლი შეასრულოს, თუმცა ამას დასავლეთის ლიდერები სკეპტიკურად აფასებენ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოცემა Euronews-თან ინტერვიუს მიმდინარეობისას თქვა, რომ ჩინეთი ორმხრივად თამაშობს - ომში სხვადასხვა გზებით რუსეთს უჭერს მხარს და თან სურს, რომ აღიქვან ისე, თითქოს მშვიდობის მიღწევა სურს.

"ვფიქრობ, ჩინეთი ერთდროულად ორივე გზის გამოყენებას ცდილობს. მას სურს აღიქმებოდეს, როგორც მშვიდობის მიღწევის მოსურნე და ამავე დროს, ის აგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას სხვადასხვა გზით, ეხმარება რუსეთის პროპაგანდას  და როგორც რამდენიმე კვირის წინ ვთქვით, რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევასაც განიხილავს." - თქვა სახელმწიფო მდივანმა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩინეთის როლზე ისაუბრა. პაველის თქმით, ჩინეთი, როგორც შუამავალი სანდო არაა, რადგან პეკინს თავისი ინტერესები აქვს და ომის გახანგრძლივება აწყობს. 

"მჯერა, რომ სტატუს-კვოს გაგრძელება ჩინეთის ინტერესებში შედის, ვინაიდან ამან შესაძლოა რუსეთს გარკვეული დათმობებისკენ უბიძგოს... არ ვფიქრობ, ჩინეთს ომის მოკლე ვადიან პერსპექტივაში დასრულება რეალურად სურდეს". - ამბობს ინტერვიუში ჩეხეთის პრეზიდენტი. 

პაველის თქმით, როცა საქმე რუსეთ-უკრაინის ომს ეხება, ჩინეთს ის სურს, რაც მისთვის ყველაზე მომგებიანია, ხოლო მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ამჟამად ომის გაგრძელებაა. 

 "ჩინეთისგან შუამავლობის წინადადება არ მიმიღია. არ მიმიღია შეხვედრის წინადადება. მე ასევე დიპლომატიური არხებით გავეცი პირდაპირი მესიჯები, რომ მსურს დაველაპარაკო ჩინეთის ლიდერს". – აღნიშნა ზელენსკიმ ჩინეთთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით.

რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც კონფლიქტის თანდათანობით დეესკალაციას ისახავს მიზნად. ჩინეთი კრიზისის დასარეგულირებლად მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გეგმა მოიცავს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტასა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის აღდგენას. 

კომენტარები