ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამბავი მომაფიქრდა მე. ეს გავაჟღერე და ქალბატონმა სალომემ [ხვადაგიანი] მომიწონა და ამაზე დაიწყო მუშაობა. სასამართლოსთან მიმართებით დღევანდელ ვითარებაში ლაზარესთვის ყველაზე კარგი და საჭირო ვარიანტი არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. დიდი ალბათობა გვაქვს იმისა, რომ სასამართლო წარიმართოს სამართლიანად და არა ისე, როგორც დღეს უპირებენ ჩემს შვილს - კლანის წევრებმა რომ გამისამართლონ და გამიწირონ 12 წლით, არაფრის გამო. შეკერილი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ვიდეოებით აშავებენ ბავშვს და უნდათ, რომ დასაჯონ, რათა ამ ფაქტის მერე შეშინდეთ და არ გამოვიდნენ ქუჩაში. ეს არის მთავრობის შიშის დანერგვა ახალგაზრდებში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა და უფროსი თაობა უდგას გვერდით. მჯერა, რომ ვუშველით ლაზარეს.
მე სამომავლოდ ვგეგმავ შსს-ს ვიდეოს კადრების გაშიფვრას, რის შემდეგაც დავინახავთ სწორ სურათს - არა ისეთს, როგორსაც გვაჩვენებს მთავრობის ტელევიზიები, ანუ იმედი და სხვა ამ ტიპის არხები. უნდა გვქონდეს ნორმალური სასამართლო, სადაც იქნებიან ნაფიცი მსაჯულები, ანუ უნდა გვქონდეს ის სტანდარტი, რაც დასავლეთის, ევროპის ქვეყნებშია.