ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ნაფიცმა მსაჯულებმა მამის მკვლელობაში ბრალდებული კახა კობახიძე უდანაშაულოდ ცნეს

Mariam Galcheva/facebook

ნაფიცმა მსაჯულებმა მამის მკვლელობისთვის ბრალდებული კახა კობახიძე უდანაშაულოდ ცნეს. ტაბულა საქმისა და გადაწყვეტილების დეტალების გასარკვევად კობახიძის ადვოკატს, მარიამ გალჩევას ესაუბრა. მისი თქმით, მოკლული მამაკაცი ოჯახის წევრებზე წლების განმავლობაში ძალადობდა და კობახიძემ მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა. 

"ბრალდებულსა და მამას შორის კონფლიქტი დედაზე ძალადობის შემდეგ დაიწყო. მამა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მოხდა ცოლზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. კაცი იყო იმდენად პათოლოგიური სიმთვრალის, ვერავის სცნობდა და არავის ინდობდა. 

იმის გამო, რომ მეზობლებს ეშინოდათ, მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ შეესწრნენ მოკლულის მხრიდან ცოლზე ძალადობის ფაქტს, არავის დაურეკავს პოლიციაში. სოფელში არაერთ ოჯახში გაუთენებია ღამე ქალს, რომელიც ქმრისგან გაქცევას ცდილობდა. 

მოკლულს ჰქონდა დანების კოლექცია. როგორც კი პატარა კონფლიქტი მოხდებოდა ოჯახში, მირბოდა თავის დანებთან. დაპირისპირების დროს მამა დანის ორჯერ მოქნევით ცდილობს მოკლას შვილი. კახა კობახიძე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. მან საკუთარი თავი, დედა და უმცროსი ძმა დაიცვა მოძალადე მამისგან , რომელიც ცივი იარაღით მის მოკვლას ცდილობდა.

ბრალდების ვერსია იყო, რომ 109-ე მუხლით ედავებოდნენ ოჯახის წევრის მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, ედავებოდნენ შურისძიების მოტივით დანაშაულის ჩადენას, თუმცა ეს ვერ დაადგინეს". - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი. 

კახა კობახიძის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. როგორც ადვოკატი მარიამ გალჩევა ამბობს, კობახიძე უდანაშაულოდ თორმეტივე ნაფიცმა სცნო. 

"მე პირადად, ნებისმიერ ნაფიც მსაჯულში ვიყავი დარწმუნებული, რომ მიიღებდა ობიექტურ გადაწყვეტილებას, როდესაც მოისმენდა ფაქტებს". - თქვა გალჩევამ. 

კახა კობახიძემ გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში მამა 12 მაისს მოკლა. 

კომენტარები