ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ანუ როგორ უნდა განგვსაჯოს ერის სინდისმა?

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, ანუ როგორ უნდა განგვსაჯოს ერის სინდისმა?

ჩვენი ქვეყნის სასამართლო ისტორია მწირია – თანამედროვე ეპოქაში გვაქვს რა დამოუკიდებლობის მხოლოდ 35-წლიანი ისტორია - ისიც წყვეტილი გასული საუკუნის დასაწყისში სამი, 1992 წლიდან დღემდე კი რამდენიმე ათწლეული. ეს უკანასკნელი კი საბჭოთა მემკვიდრეობითა და მისგან გამოწვეული გაუკუღმართებული ინსტიტუტებით ხასიათდება. შესაბამისად, მაშინ როცა მოდერნულ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეს სასამართლო გამოცდილებით გამყარებული თანმდევი რწმენა და მოლოდინი უნდა ჰქონდეს, რომ მისი უფლებები დაცული იქნება, ჩვენში მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სამართლიანია. მეტიც, მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა. ამავე გამოკითხვით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის (83%) აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. 

ლოგიკურია, რომ რუსული კანონის გაპროტესტებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი და თორნიკე აკოფაშვილი სამართლის პოვნას იმ “ჩინოვნიკებთან” ვერ შეძლებენ, რომლებიც პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით მოქმედებენ. ამიტომ ისინი თავისუფალი ინსტიტუტის მხარდაჭერით, ითხოვენ, რომ მათი საქმეები არა სანქცირებულმა მოსამართლეებმა, არამედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

ნაფიცი მსაჯულები - 1861 წელი, ჯონ მორგანი 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრინციპი მარტივია, ორივე მხარის - ბრალდებულისა და მბრალდებლის მონაწილეობით საერთო საარჩევნო სიიდან ირჩევა 12 მოქალაქე, რომლებიც ჩართულნი არიან სასამართლო პროცესში: უსმენენ საქმის დეტალებს და საბოლოოდ გამოაქვთ ვერდიქტი. 

იმისათვის, რომ ლაზარესა და თორნიკეს საქმე საქართველოს მოქალაქეებმა განიხილონ, ჯერ უნდა შეიცვალოს კანონი და გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც მათზე დავა მიმდინარეობს. მეტიც, აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ არა მხოლოდ ორ მუხლზე, არამედ სისხლის სამართლის ყველა დანაშაულზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვა სამართლიანობის რწმენის გაჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თავისუფლების ინსტიტუტის ეს მოთხოვნა საყურადღებოა, რადგან ლაზარე და თორნიკე მარტო არ არიან, CRRC-ის მიხედვით 2020 წლისთვის საქართველოში სასამართლოსადმი ნდობა 10 წელში ყველაზე მეტად შემცირებული იყო. IRI-ის ბოლო კვლევით, მოქალაქეთა 39% - ანუ ყოველ მესამეზე მეტი, არ ენდობა სასამართლოს. ქვეყნის ეს ინსტიტუტი საერთაშორისო ნდობასაც ვერ იმსახურებს: ამ თვის დასაწყისში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" 4 მოსამართლეს სანქციებიც კი დაუწესა.

ფაქტია, ჩინოვნიკის განსჯადობა ვერ ასრულებს სასამართლოს პირველად დანიშნულებას - ვერ ადგენს სამართალს. ამ უკანასკნელის მისაღწევად შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 12 თანამოქალაქის განსჯას წარმატებით იყენებს ისეთი დემოკრატიული ქვეყნები, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი. ამის პარალელურად კი ავტოკრატიული სახელმწიფოები - მეოცე საუკუნის დასაწყისში ვაიმარის რესპუბლიკა, ფრანკოს რეჟიმი, სამხრეთ აფრიკის აპარტეიდი ხელისუფლება, სასამართლოს, როგორც პოლიტიკური იარაღის, შენარჩუნებისთვის აუქმებენ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს.

ჩვენი, საქართველოს ისტორიაც ზემოთ განხილული შეპირისპირების ილუსტრაციაა: მოდერნული სახელმწიფოს სათავეებთან, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში პოლიტიკურ დისკურსში მოქალაქეთა სასამართლოში ჩართვა განიხილებოდა, უკვე პირველ რესპუბლიკაში - 1919 წლის 17 იანვარს, ეს დაკანონდა კიდეც. გასაბჭოებამ კი სხვა მრავალ დასავლურ სახელმწიფოებრივ ტრადიციასთან ერთად, ესეც მოსპო. ლაზარესა და თორნიკეს (და არა მხოლოდ) მხარდასაჭერი პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ იმ სამართლებრივი მექანიზმის აღდგენას, რომელსაც ძალაუფლებით შეპყრობილი ხელისუფალნი, საქართველოში თუ მის მიღმა, გაურბოდნენ და კვლავ ცდილობენ გაექცნენ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დღეს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში 2010 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა, მანამდე 6 წლით ადრე, 2004 წელს საკონსტიტუციო ცვლილებით აღდგა ეს ინსტიტუტი. თუმცა, მას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს: 2021 წლამდე, ნაფიც მსაჯულებმა 150 000-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმიდან 64 განიხილეს, რაც მხოლოდ 0.042%-ია. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ მცირე მუხლებზე ვრცელდება

სასამართლო სისტემაში მოქალაქეთა ჩართულობის ეტაპობრივი ზრდის მიზნით, კანონით განსაზღვრული იყო, რომ 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან ნაფიც მსაჯულთა განსაჯობას უნდა დაქვემდებარებოდა სისხლის სამართლის ყველა ის საქმე, რომელიც სასჯელის ფორმად პატიმრობას ითვალისწინებდა. 

თუმცა ეს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში 2016 წლამდე გადავადდა. მართალია, 2017 წლისთვის ტერიტორიულად გაიზარდა განსჯადობის სივრცე - თბილისსა და ქუთაისს დაემატა ბათუმის, ზუგდიდის, თელავის, გორისა და რუსთავის საქალაქო თუ რაიონული სასამართლოები. ასევე გაფართოვდა იმ მუხლების ჩამონათვალი, რომელზედაც ნაფიც მსაჯულთა მოთხოვნა შესაძლებელი გახდა, მაგრამ სურათი არ შეცვლილა, რაზედაც ზემოთ განხილული სტატისტიკაც მეტყველებს - ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ისევ მხოლოდ ფორმალური სახე შერჩა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსებობა?

გარდა იმისა, რომ სასამართლოსადმი უნდობლობლობის პირობებში მოქალაქეთა განსჯადობაში ჩართვა სამართლიანობის იმედს აჩენს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი - თავისი ტრადიციითა და ისტორიით, ატარებს ბევრად მეტს, ვიდრე მხოლოდ ინსტიტუციურ გამართულობას. 

ეს არის ილუსტრაცია იმისა, რომ საერთო სიკეთის (სამართლიანობის) შექმნაში ჩართულობა - მასთან თანმდევი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით (სასამართლოში გამოცხადება, საქმის დეტალების გაცნობა, გადაწყვეტილების მიღება) სამოქალაქო საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. მხოლოდ ბიუროკრატიული სისტემები და მოთხოვნა-მიწოდებაზე დაფუძნებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის მთავარს: განცდას იმისას, რომ შენი და შენი თემის (სახლის, უბნის, ქალაქის, ქვეყნის) სიკეთე შენზეა დამოკიდებული. 

როგორც ალექსის დე ტოკვილი შენიშნავს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - მისი სიტყვებით დემოკრატიის უფასო სკოლა, ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს კანონსა და უფლებებს, რაც საბოლოოდ მათ უკეთეს ამომრჩევლად და მეტად თავდაჯერებულ მოქალაქეებად აქცევს

ნაფიც მსაჯულები არ არიან მიზნის მისაღწევი საშუალებები - რამდენადაც დიადი არ უნდა იყოს ეს მიზანი: იქნება ეს ტირანიის თავიდან აცილება, ხალხის თვალში გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია თუ სამართლიანი განსჯა. სინამდვილეში, ტოკვილის განმარტებით, მსაჯულნი თავად არიან საბოლოო მიზანი: "არ ვიცი სასარგებლოა თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხარეთათვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან კარგია მათთვის, ვინც უნდა გადაწყვიტოს საქმე. როგორც საზოგადოების ხელთ არსებული პოპულარული განათლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება". - წერს თავად იურისტი ტოკვილი. 

"12 განრისხებული მამაკაცი" - 1957 წელს გადაღებული ფილმი, სადაც 12 კაცისგან შემდგარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს ახალგაზრდა კაცის საქმეს და პირადი ისტორიებითა და გამოცდილებით საბოლოოდ სამართლიანი ვერდიქტი გამოაქვთ. 

თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ საქართველოში მხოლოდ 60 საქმე განიხილა, ესეიგი ამ “სკოლაში სწავლის” შესაძლებლობა მხოლოდ 720 თვრამეტ წელს გადაცილებულ ადამიანს მიეცა, ანუ ყოველ 250 000-ეს. მაშინ როცა, ტოკვილი შენიშნავდა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სამოქალაქო გაერთიანებებთან სიკეთეებს იზიარებს და ისიც უწყობს ხელს, რომ დეცენტრალიზაციის კვალდაკვალ რესპუბლიკის მაცხოვრებელთა განსჯა ფორმირდეს. 

სწორედ ამ "დემოკრატიულ სკოლაში" ნაფიც მსაჯულთა ნაწილი აცნობიერებს, რომ არა მხოლოდ ფაქტების განსჯის პასუხისმგებლობა, არამედ მორალური ვალდებულებაც აქვთ, გაამართლონ ის ადამიანები, რომლებიც უკანანო კანონს არღვევენ. დროთა განმავლობაში, თუ მსაჯულები თანმიმდევრულად “აუქმებენ” გარკვეულ წესდებას ბრალდებულების გასამართლებაზე უარის თქმით, ამით მკაფიო შეტყობინებას უგზავნიან კანონმდებლებს, რომ მათ მიერ შექმნილი კანონები საზოგადოების ინტერესების მიღმაა. 

ამრიგად, დემოკრატიულ ქვეყნებში ყოველწლიურად ათასობით გადაწყვეტილების საშუალებით, ნაფიცი მსაჯულები ხალხის ხმას აწვდიან საზოგადოებისგან დაშორებულ ინსტიტუტებს: სასამართლო აჟღერებს მათ ღირებულებებსა და ფასეულობებს. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ ცენტრალიზებული მასობრივი დემოკრატიისგან განსხვავებით, სასამართლო კერძო ინტერესებისგან თავს იცავს: იმ 12 მსაჯულის შერჩევაში, რომლებიც საერთო მიზანს ემსახურებიან, ჩართულია ორივე მხარე და მათ შესაძლებლობა აქვთ, აირიდონ იმ იდეოლოგიისა თუ მწრამსის მატარებელი ინდივიდები, რომელთა წინასწარმა განწყობებმა შესაძლოა გადაწყვეტილება უსამართლოდ შეცვალოს.

კრიტიკოსები კი ამტკიცებენ, რომ იურიდიული განათლების არმქონე ადამიანები თავს ვერ გაიკვლევენ სამართლებრივ ლაბირინთებში და საბოლოოდ, არასწორ გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

"ბატონებო, სასამართლო არ არის იმაზე უკეთესი, ვიდრე თითოეული თქვენგანი, ვინც ჩემ წინაშე ამ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში იყო. სასამართლო ისეთივე ჯანსაღია, როგორც ნაფიცი მსაჯულები, და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ისეთივე ჯანსაღია, როგორსაც მას ადამიანები ქმნიან". - ნუ მოკლავ ჯაფარას

საგულისხმოა, რომ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შერეული სისტემა ინერგება, რაც იმას გულისხმობს, რომ პროცესში მსაჯულებთან ერთად, ჩართულია მოსამართლეც. სწორედ ის განსაზღვრავს რომელი მუხლით უნდა განისაჯოს ბრალდებული და დანაშაულისთვის რა უნდა შეეფარდოს სასჯელად, მაშინ როცა ნაფიც მსაჯულები მხოლოდ ფაქტების მიხედვით დაადგენენ, დამნაშავეა თუ არა ბრალდებული. 

ზოგადად, ხალხის სასამართლო პროცესში ჩართვით, პროკურორებს, ადვოკატებსა და მოსამართლეებს მოუწევთ რთული სამართლებრივი კონცეფციების გამარტივება - მათი დამაჯარებელ და მკაფიო არგუმენტებად ‘მოთარგმნა’, რაც სასიცოცხლოდ საჭიროა განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონის კითხვადობა სულ უფროდაუფრო რთული ხდება. 

ჰილსდელის კოლეჯის პრეზიდენტი, ლარი არნი შენიშნავს, რომ აბრაამ ლინკოლნის კანონი მიწების შესყიდვაზე მხოლოდ 1000 სიტყვიანი და ნებისმიერი მოქალაქისთვის გასაგები იყო, დღეს თავად იურისტებსაც კი სჭირდებათ სპეციალური განათლების მქონე პირები, რომლებიც კანონის განმარტებაში დაეხმარებიან. 

აქედან გამომდინარე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არა მხოლოდ მოქალაქეების დემოკრატიაში გარკვევის შანსია, არამედ ეს ინსტიტუტი აიძულებს ბიუროკრატიულ სისტემებს გასცდნენ დამაბნეველ შაბლონებს - ეს ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია კანონმდებელსა და კანონდაქვემდებარებულს შორის და ყველაზე ეფექტური გზაა, გზავნილების სწრაფად მიმოსაცვლელად და კომუნიკაციის გასამარტივებლად. 

ცხადია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იდეალური არაა: ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი დემოკრატიული ინსტიტუტია - ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, მათი ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფოს იაფი არ უჯდება. თუმცა გათვიცნობიერებული მოქალაქისთვის, სამართლიანი სასამართლოსა და მარტივად გაგებადი კანონმდებლისთვის ამ ფასის გადახდა ნამდვილად ღირს. 

მეთვრამეტე საუკუნის ამერიკაში - მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო, გამომცემელს ჯონ პიტერ ზინგერს კოლონიალური მთავრობის კრიტიკის გამოქვეყნებისთვის ასამართლებდნენ: გამომცემლის ადვოკატებმა ფაქტობრივად აღიარეს, რომ ზინგერმა მართლაც დაარღვია კანონი და გამოსცა მმართველის მაკრიტიკებელი წერილი, თუმცა, იქვე ამტკიცებდნენ, რომ სიტყვის თავისუფლების უფლების გამოყენებით თქმული სიმართლე - რასაც დოკუმენტი შეიცავდა, აბსოლუტურად გამორიცხავდა ზინგერის პასუხისმგებლობის საფუძველს. 

ნაფიც მსაჯულებს ათი წუთი დასჭირდათ იმისთვის, რომ ზინგერი უდანაშაულოდ ეცნოთ, რადგან მათ ჩათვალეს, რომ ამ საქმის ცილისწამებად მიჩნევა სიტყვის თავისუფლების უფლების დარღვევა იყო. დღეს ნაფიც მსაჯულთა ეს გადაწყვეტილება ამერიკის სამართლის ისტორიაში მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა: ამ განაჩენმა შემოიტანა სიტყვის თავისუფლების დაცვის ისეთი განმარტება, რომლითაც დღეს ამერიკის თითოეული მოქალაქე სარგებლობს. 

პირველი ნაფიც მსაჯული ქალები, ლოს ანჯელესი, 1911 წ. 

მართლაც, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა სუვერენული ამერიკის შეერთებული შტატები, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა დასაცავად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იყო, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი იძლეოდა შანსს, განესაჯე იმ 12 თანამოქალაქეს, რომელიც პირამიდის თავში მყოფი მმართველისგან განსხვავებით, უკეთ იცნობდა იმ სოციალურ და პოლიტიკურ ველს, სადაც ცხოვრება გიწევდა.

ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა, ამ გამოცდილების გამო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოთხოვნის უფლება კონსტიტუციით დაცული გახადეს და ამ გზით ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ძალაუფლებამოხვეჭილ მმართველებს ხალხი ციხეში საკუთარი პოლიტიკური იმპერატივების დასაკმაყოფილებლად ჩაესვათ. 

დღეს ჩვენთვის, 35-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ - როცა ინსტიტუციური სიმყარისა და სამოქალაქო სიქველისკენ ვისწრაფით, დემოკრატიული სკოლა, რომელიც თავისთავად მეტად სამართლიან სისტემას გვთავაზობს, სასიცოცხლოდ საჭიროა. ერის სინდისის ხმის პოვნისა და ბუტაფორიულ ბიუროკრატიაში ამ უკანასკნელის გაჟღერებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ერთადერთი გზაა. 

კომენტარები