ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, მგონია, რომ არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რითიც შეიძლება მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს სასამართლო სისტემაში არის. ბუნებრივია, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის არაკომპეტენტური, უსინდისო მოსამართლეების აბსოლუტური გავლენისგან გათავისუფლების პროცესი და მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი ბერკეტის საზოგადოების ხელში გადატანის ძალიან კარგი შესაძლებლობა.
მეორე მხრივ, ეს არის საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის განაწილების კარგი საშუალება და არის მნიშვნელოვანი. ჩვენს შეხვედრაზეც იყო კმარას 10-პუნქტიანი გეგმა, რომლის მეშვიდე პუნქტიც იყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დამკვიდრება საქართველოში. იმის მერე 20 წელი გავიდა და ჯერ კიდევ ეს ნაბიჯი ვერ გადაიდგა.
მე ვფიქრობ, რომ მომავალი ხელისუფლების, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით და იმედით იქნება კოალიციური, ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანა იქნება, რა თქმა უნდა, სასამართლო რეფორმა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დამკვიდრება. ყველაზე უფრო მეტად მე, რაც მომწონს ამ ხედვიდან, არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გავრცელება არა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე, არამედ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. რადგანა ამ ავტორიტარულ რეჟიმში ხელისუფლება იყენებს ორ კერძო პირს შორის დავას, როგორც მათთვის მიუღებელ ადამიანებზე ზემოქმედების ბერკეტს. ამიტომ ეს დღესაც და მომავალშიც დააზღვევს ადამიანებს.