რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი "სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობისთვის" უკრაინას ეწვევა

Fu Tian/China News Service/Getty Images

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი, ლი ხუეი მომავალ კვირას “სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის” მიზნით უკრაინაში ჩავა.

ლის მოგზაურობა 15 მაისს დაიწყება და უკრაინის შემდეგ ის პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთსაც ეწვევა.

“ჩინეთის წარმომადგენლის ვიზიტი შესაბამის ქვეყნებში მოლაპარაკებებში ხელშეწყობასა და დარწმუნებაში ჩინეთის ვალდებულების კიდევ ერთი გამომხატველია, რაც კიდევ ერთხელ სრულყოფილად აჩვენებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს”. - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვანგ ვენბინმა.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის, ალექსეი მასლოვის თქმით, ლი ხუეი, რომელიც 2019 წლამდე ათწლეულის განმავლობაში რუსეთში ჩინეთის ელჩის პოზიციას იკავებდა, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მედიაციისთვის მოსკოვისთვის “საუკეთესო არჩევანია”.

ლი, რომელმაც წარსულში განაცხადა, რომ ჩინეთს “ძლიერი რუსეთი” სჭირდება, უკრაინასა და მის დასავლელ პარტნიორებში უნდობლობას იწვევს და ჩინეთის, როგორც მშვიდობის ნეიტრალური შუამავლის როლს დამატებით ეჭვქვეშ აყენებს.

სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი აპრილის თვეში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგსა და მის უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ პირველად გამართულ  სატელეფონო საუბარს მოჰყვა.


რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც კონფლიქტის თანდათანობით დეესკალაციას ისახავს მიზნად. ჩინეთი კრიზისის დასარეგულირებლად მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გეგმა მოიცავს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტასა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის აღდგენას. 

Nato-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ჩინეთს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სათქმელი არაფერი აქვს. საპასუხოდ მან ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს კრემლისთვის იარაღის მოწოდებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

კომენტარები