რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გუტერეში: ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია, ორივეს სჯერა, რომ გამარჯვება შეუძლია

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივნმა, ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ამ დროისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია, რადგან ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ გამარჯვება შეუძლია. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა El País-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ დროისთვის შეუძლებელია. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ. ეს [უკრაინაში შეჭრა]] იყო რუსეთის შეჭრა საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ, გაეროს წესდების წინააღმდეგ, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთს ამ მომენტში სურს გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, და ამავდროულად, უკრაინა იმედოვნებს, რომ დაიბრუნებს მათ [ოკუპირებულ ტერიტორიებს]. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შეძლებისდაგვარად, არის დიალოგი ორივე მხარესთან. [მოლაპარაკებების ფარგლებში] ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო უკრაინიდან  მარცვლეულის ექსპორტი და საკვები პროდუქტებისა და სასუქების რუსეთიდან შავი ზღვის გავლით გატანა." - თქვა ანტონიო გუტერეშმა.

ამასთან, გუტერეშმა ინტერვიუში განიხილა მარცვლეული შეთანხმების კრიზისი იმ პირობებში, რომ შეთანხმებას 18 მაისს ოფიციალურად გასდის ვადა. მისი თქმით, ის ყველაფერს აკეთებს, რომ ინიციატივის უფრო გრძელვადიანი და სრულყოფილი გაფართოება შესაძლებელი გახდეს.

"ბოლო, რაც გავაკეთე გუშინ და პირველი რაც გავაკეთე ამ დილით იყო ჩემს კოლეგებთან დაკავშირება, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით არიან პასუხისმგებელნი. ჩვენ მთლიანად ვართ ჩართული ინიციატივის გადარჩენის მცდელობაში. რებეკა გრინსპანი [გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის გენერალური მდივანი] მოსკოვში იმყოფებოდა, ხოლო მარტინ გრიფიტსი [გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში] სტამბულშია. ჩვენ ვამზადებთ ოთხი მხარის [რუსეთი, უკრაინა, გაერო და თურქეთი] შეხვედრას სტამბულში და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკეთ ვუპასუხოთ რუსეთის პრობლემებს. მართალია, სურსათისა და სასუქების ექსპორტი არ არის სანქცირებული, თუმცა არის ირიბი დაბრკოლებები, რომლებიც კვლავ რჩება და ვცდილობთ მათ აღმოფხვრას. ჩვენ გვსურს ინიციატივის უფრო გრძელვადიანი და სრულყოფილი გაფართოება." - თქვა ანტონიო გუტერეშმა.

კომენტარები