ქართული ოცნება

წულუკიანი: პრემიერის გამოსვლა ემსახურებოდა იმ ღირებულებების დაცვას, რაზეც ჩვენი ერი იდგა

სანამ პრემიერმინისტრი მოცემულ კონფერენციაზე სიტყვით გამობრძანდებოდა  და ამ ვიზიტით ჩავიდოდა უნგრეთში, სულ რამდენიმე დღით ადრე მეც გახლდით ჩემს კოლეგასთან სტუმრად უნგრეთში და ჩემი თვალით ვნახე და მოვისმინე, თუ როგორ ცდილობს უნგრეთი, როგორც სახელმწიფო, რომ ის ტრადიციული ღირებულებები, რამაც დააფუძნა თავის დროზე ევროპა, ევროკავშირი, იქნეს დაცული. სწორედ, ამ კონფერენციასაც ეს გასდევდა ლაითმოტივად, ჩვენ ეს ყველამ დავინახეთ - ვიყავით ადგილზე ჩასულები, თუ არა.

პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან ბევრი მესიჯით დატვირთული და თითოეული მათგანი ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც რეალურად ჩვენი ერი საუკუნეების მანძილზე იდგა: ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ის რწმენა, რომელმაც დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა და მოიყვანა ჩვენი ერი და სამშობლო, მართლმადიდებლურ რწმენას ვგულისხმობ. ეს არის შემწყნარებლობა, პრემეირმა ისაუბრა ასევე, იმ კონფესიებზე და მულტიეთნიკურ საზოგადოებაზე, რომელიც ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ ჩვენი სამშობლოს დაცვაში, როგორც ვიყავით ყოველთვის ერთიანები. ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ოჯახი ყოველთვის იყო ის, რაც ქართველ ადამიანს საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლაში აძლიერებდა და ეს ღირებულებები ყველაფერი თავმოყრილი იმისთვის, რომ ჩვენ ამ გლობალიზაციის მრავალი გამოწვევით სავსე ეპოქაში გადავრჩეთ, როგორც ერი, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ახლა. როგორ უნდა გადავრჩეთ, უნდა გადავრჩეთ ისე, რომ არ ვუღალატოთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, რომელთა სადარაჯოზე მუდამ ვიდექით ჩვენ, ჩვენი წინაპრები და ვისურვებდით, რომ ჩვენი მომავალი თაობებიც კიდევ უფრო აქტიურად ამ ღირებულებების საფუძველზე აღიზარდონ.

პატრიოტიზმი, მამულის დაცვა, რწმენის დაცვა, ოჯახში ის ღირებულებები, რაც მნიშვნელოვანია, ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, რომელიც ჩვენ ბევრად მანამდე ვაღიარეთ და პრაქტიკასა და პოლიტიკაში დავნერგეთ, ვიდრე ეს რომელიმე ევროპულმა ერმა გააკეთა და ამაზეც ისაუბრა პრემიერმა, როდესაც ახსენა, რომ ქალებს საარჩევნო უფლება ბევრად ადრე მიეცათ ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ნებისმიერ სხვა დღეს პროგრესულად აღიარებულ სახელმწიფოში და რომ ეს ის ტრადიციული ღირებულებებია, რომლებზეც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დგომა, სხვაგვარად ძალიან გაუჭირდება ყველა ერს გადარჩენა, იმ გამოწვევებით სავსე და მითუმეტეს, დღეს საომარი ვითარებაში, როგორ ეპოქაშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. ამიტომაც, ალბათ ეს გამოსვლა კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება გასაანალიზებელი და ყველანაირი ფსევდოლიბერალური წივილ-კივილის გარეშე უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვაქვს პატარა სახელწმწიფო, რომ ეს პატარა სახელმწიფო მიუხედავად მისი სიდიდისა არის დიდი ისტორიის, ტრადიციებისა და დიდი კულტურის მქონე ქვეყანა და ყველა უნდა გავერთიანდეთ იმაში, რომ უზრუნველვყოთ ამ ქვეყანაში ერთმანეთის უფლებების დაცვა, ჩვენი რწმენის დაცვა, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ისე რომ არავის უფლება დაირღვეს და როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ ტოლერანტები, ასე მოვუფრთხილდეთ თითოეულის მოსაზრებას, უფლებებს და პოზიციებს და გავძლიერდეთ კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებიდან, თუკი ზოგიერთი სახელმწიფო სამწუხაროდ შეიძლება მომავალში გამოვიდეს დასუსტებული, ჩვენ ყველაფერი ვიღონოთ იმისთვის, რომ არ დავსუსტდეთ.

თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

4 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ღარიბაშვილის გამოსვლას განცხადებით გამოეხმაურა ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) და დაგმო მისი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა.

კომენტარები