ქართული ოცნება

PES: ღარიბაშვილის CPAC-ში მონაწილეობა ევროპულ და პროგრესულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება

ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) განცხადებას ავრცელებს და გმობს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობას, რომელიც მიმდინარე კვირაში, უნგრეთში იმართება

"CPAC, რომელიც მთელი მსოფლიოდან კონსერვატორ, პოპულისტ და ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს აერთიანებს, ტარდება ბუდაპეშტში, უნგრეთის პოპულისტი პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერით. ღარიბაშვილმა, PES-ის დამკვირვებელთა წევრი პარტიის, ქართული ოცნების მაღალჩინოსანმა, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას CPAC-ის რეკლამირება მოახდინა და ორბანს ევროპის ნამდვილი დამცველი უწოდა". - წერია განცხადებაში. 

PES-ის ვიცეპრეზიდენტის, კატი პირის სიტყვებით, ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და მას გაერთიანების პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა აქცევს. 

"ჩვენ უკვე გადაწყვიტეთ, გადაიხედოს ქართული ოცნების სტატუსი PES-ში მომავალი არჩევნებისთვის. ეს აშკარად აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის დღევანდელი მოქმედების შემდეგ". - აღნიშნავს ვიცეპრეზიდენტი.

დღეს, 4 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. 

ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) პირველად 1974 წელს გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნებშიც იმართება. უნგრეთი კონფერენციას უკვე მეორე წელია რაც მასპინძლობს. ორგანიზატორები წერდნენ, რომ კონფერენცია "ფოკუსირებული იქნებოდა ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე".

კომენტარები