ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

საქართველო კანდიდატის სტატუსზე მეორე უარს ვერ მიიღებს – ზურაბიშვილი კოლონას

სალომე ზურაბიშვილი და კატრინ კოლონა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, ზურაბიშვილმა კოლონას უთხრა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობაზე მეორე უარს ვერ მიიღებს და ეს თუ მოხდება, გაუგებარი და კონტრპროდუქტიული იქნება.

"დღეს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში იმყოფება და ამ მომენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გეოპოლიტიკური კონტექსტიც - საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ მიიღებს, ეს რთულად გასაგები და კონტრპროდუქტიული გზავნილი იქნება". – წერია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტაცია წერს, სალომე ზურაბიშვილმა კოლონასთან საუბრის დროს თქვა, რომ ქვეყნის მოსახლეობას "ურყევად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას და სწორედ ამის დამადასტურებელი იყო 7-8 მარტის აქციები".

ამას გარდა, როგორც ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხს და ამ მიმართულებით შავი ზღვის უსაფრთხოებას.

როგორც განცხადებაში წერია, "მინისტრის განცხადებით, სასიამოვნოა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღრმისეულად პროევროპული ორიენტაციისაა და თბილისის ქუჩებში ვხედავთ ევროკავშირის დროშებს. "საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა!" – აღნიშნა კოლონამ".

კატრინ კოლონა საქართველოში გამართული ვიზიტების ფარგლებში შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს.

კომენტარები