ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

რა ისაუბრეს სამიტის წინ ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს შესახებ

ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სამიტის დაწყებამდე წევრი ქვეყნების ლიდერებმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის გაფართოების გეგმაზე ისაუბრეს და მათ შორის, საქართველოს შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, საქართველომ რეფორმების შესასრულებლად ბევრი გააკეთა და ახლა ევროკავშირს აქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები.

"ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად. დიახ, ყოველთვის არსებობს საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია. თუმცა, ამჟამად ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები არა მხოლოდ უკრაინასა და მოლოდვასთან დაკავშირებით, არამედ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით". - თქვა ნაუსედამ.

ფინეთის პრემიერმინისტრის, პეტერი ორპოს თქმით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამავდროულად ორპომ აღნიშნა, რომ ევროკავშირს სჭირდება მკაფიო გზავნილი ყველა სახელმწიფოსთვის, რომელთაც სურთ ევროკავშირის წევრობა.

ესტონეთის პრემიერმა, კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტზე შეძლებენ შეთანხმებას, სულ მცირე, რამდენიმე საკითხზე მაინც.

"მე არ ვარ ახლა ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა, ჯერ ძირითად გეგმას მივყვებით, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, შემდეგ შეიძლება განვიხილოთ სხვა შესაძლებლობები. ყველა ქვეყნის საკითხს განვიხილავთ განცალკევებულად და ასევე ერთადაც. წინადადებები მაგიდაზე დევს. საქართველოს საკითხიც მათ შორის არის, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ეხება უკრაინას და მოლდოვას. ვნახოთ, რა გამოვა". - თქვა კალასმა.

ბულგარეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლაი დენკოვის თქმით, ბულგარეთი ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს. დენკოვის აზრით, "საქართველო ამ მხარდაჭერას იმსახურებს".

კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს ლუქსემბურგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ქვეყნის პრემიერმა, ლუკ ფრიედენმა ასე უპასუხა:

"ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს ევროკომისიის ყველა წინადადებას, ევროკომისიამ იცის, როგორ შეაფასოს ვითარება ადგილზე".

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას თქმით კი მხარდაჭერა უნდა მიიღოს უკრაინამ და იგივე ეხებათ მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას.

"ეს ისტორიული სამიტია. შეთანხმება ყოველთვის შესაძლებელია, [ევროკავშირის] გაფართოებაზე ეს ცხადი გახდა. ეს ყველა მხარისთვის მომგებიანი სიტუაციაა. უკრაინას უნდა მიეცეს მორალური, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება, რასაც ის იმსახურებს. ეს მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა. იგივე სიტუაციაა მოლდოვასთან, საქართველოსთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან". - თქვა მეცოლამ.

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს თქმით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს ევროპული საბჭოსთვის გაფართოების შესახებ წარდგენილ წინადადებებს, მათ შორის, საქართველოზე.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოზე". - თქვა რუტემ.

უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა, საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგადაა და საქმე გაკეთებულია.

"საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა. საქმე გაკეთებულია. ყველას უყვარხართ". - თქვა ორბანმა. 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კი თქვა, რომ ევროკავშირს გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან და განსაკუთრებით, უკრაინასთან მიმართებით განიხილავენ.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, შოლცმა ასე უპასუხა: "უკვე ვთქვი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე". - თქვა შოლცმა.

ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საბჭოს სამიტზე გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ასევე, გადაწყვეტილება მიიღება უკრაინისა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით.

სამიტის დაწყებამდე უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების წინააღმდეგ გამოდიოდა. 13 დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება უნგრეთისთვის გაყინული ფონდებიდან 10 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ.

ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თქვა, რომ ეს უბრალოდ პროცედურული ნაბიჯია, რაც უნგრეთის სასამართლო რეფორმას მოჰყვა.

კომენტარები