ლეიბორისტული პარტია

ნათელაშვილი: IRI-სა და NDI-ის წინააღმდეგ სარჩელს ვამზადებთ – ჩვენი რეიტინგები ყალბდება

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, პარტია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინააღმდეგ აშშ-ს სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს. ნათელაშვილი ორგანიზაციებს სოციალური აზრის კვლევებში ლეიბორისტული პარტიის რეიტინგის გაყალბებაში ადანაშაულებს.

"რეიტინგების, ეგზიტპოლების გაყალბება ჩვენ მიმართ უწყვეტი პროცესია და უკვე აღარ შეიძლებოდა ამის ართქმა, მას შემდეგ, რაც წავიკითხეთ გუშინ, მორიგი მარაზმი. შესაბამისად, იძულებული ვხდებით, დავიწყოთ სარჩელის მომზადება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტების (NDI) აქაური წარმომადგენლებისადმი ამერიკის სასამართლოში შესატანად, რათა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს იმ პროცესს, რაც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიმდინარეობს". – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

26 აპრილს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, ლეიბორისტული პარტია მოსახლეობის 2%-მა დაასახელა. 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, ხოლო 14% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

კვლევა ჩატარებულია საქართველოში 2023 წლის 4-დან 23 მარტის ჩათვლით. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია.

კომენტარები