ლეიბორისტული პარტია

შალვა ნათელაშვილი: ლეიბორისტული პარტია პარლამენტში შედის

ipress

ლეიბორისტული პარტია პარლამენტში შედის. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ლეიბორისტული პარტიის პარლამენტში შესვლის თაობაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ, გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეჟიმის ჩამოშლა, მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი ვერ შედგა და არ გამოვიდა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა პარტიის პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებულები ვართ, გავითვალისწინოთ ეს რეალიები, ხალხისა და ქვეყნის საჭიროება, საზოგადოების ტკივილი იმ დაგროვებული პრობლემების გამო, რისი გადაწყვეტაც სწორედ პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს. რეჟიმის შეცვლის დასაჩქარებლად, პარლამენტში ჩვენი ხმა შეიძლება გამოდგეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ". - თქვა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, 7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატების შეჩერებას მხარი დაუჭირა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, მათ უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს.

კომიტეტი გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მომდევნო კვირას წარადგენს, სადაც საბოლოოდ გადაწყდება, გაუქმდება თუ არა დეპუტატების მანდატები.

საკითხის დაყენების მიზეზი რეგლამენტის ის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება შეუწყდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები