რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სავარაუდოდ ყოფილი ვაგნერელები აღიარებენ, რომ უკრაინაში ბავშვებს ხოცავდნენ

აზამათ ულდაროვი, პირი, რომლის თქმითაც, ვაგნერის ყოფილი ერთ-ერთი სამხედრო მეთაურია
CNN

ორი პირი, რომელიც ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის ყოფილი სამხედრო მეთაურები არიან, აღიარებს, რომ უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს ხოცავდნენ.

ამის შესახებ მათ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Gulagu.net-ის წარმომადგენლებთან ისაუბრეს. უფლებათა დამცველი აქტივისტების ეს ჯგუფი კონცენტრირებულია რუსეთში არსებულ კორუფციასა და წამების შემთხვევებზე.

Gulagu.net-ის ინფორმაციიღ ორი პირი, აზამათ ულდაროვი და ალექსეი სავიჩევი იყვნენ პატიმრები, რომლებიც გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ. სწორედ მათ ისაუბრეს უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე.

CNN-ი წერს, რომ მათ ვიდეოებში გამოჩენილ პირთა ვინაობა და მათი მოყოლილი ისტორიები დამოუკიდებლად  ვერ დაადასტურეს, თუმცა იპოვეს შეწყალების ბრძანებები, რომლებიც 2022 წლის სექტემბრითა და აგვისტოთი თარიღდება.

ულდაროვმა ისაუბრა დეტალებზე, როგორ ესროლა და მოკლა ხუთი ან ექვსი წლის გოგო.

"მეთაურობის გადაწყვეტილება იყო. არ მქონდა უფლება ვინმე ცოცხალი დამეტოვებნინა, რადგან ჩემი ბრძანება იყო მომეკლა ყველაფერი, რაც ჩემს გზაზე იქნებოდა". – თქვა ულდაროვმა.

Gulagu.net-ის ინფორმაციით, ამ ყველაფერზე ვაგნერის სავარაუდოდ ყოფილმა სამხედრო მეთაურებმა რუს დისიდენტ ვლადიმირ ოსეჩკინთან ისაუბრეს, ერთი კვირის განმავლობაში. არსებული ცნობებით, ულდაროვიც და სავიჩევიც რუსეთში იყვნენ, როცა დეტალებზე საუბრობდნენ.

"მსურს რომ რუსეთმა და სხვა სახელმწიფოებმა სიმართლე იცოდნენ. არ მინდა ომი და სისხლისღვრა. შეხედე, ამ ხელში სიგარეტი მიჭირავს. ამ ხელით შევასრულე ბრძანებები და ბავშვები დავხოცე... ნებისმიერ ფასად წინსვლა, გზაზე ყველაფრის მოკვლა და თავდაცვის გამაგრება გვიბრძანეს... ყველა დავხოცეთ: ქალები, კაცები, ბავშვები, მოხუცები.". – ამბობს ულდაროვი Gulagu.net-ის ინტერვიუში.

ულდაროვის თქმით, სოლედარსა და ბახმუტში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეტაკებები მიმდინარეობდა, ვაგნერის მოქირავნეებს ჰქონდათ ბრძანება, რომ ყველა გაენადგურებინათ. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯგუფის ყველა მეთაურზე მაღლა დგას რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც ვაგნერის ჯგუფი 2014 წელს დააარსა. ულდაროვი ამბობს, რომ ბრძანებებს სწორედ მისგან იღებდნენ. 

"ყველა მეთაურზე მაღლა ერთი დგას - პრიგოჟინი, რომელმაც გვითხრა, რომ არავინ გაგვეშვა და ყველა გაგვენადგურებინა". – აღნიშნა ულდაროვმა. 

მეორე ინტერვიუში სავიჩევმა აღწერა, როგორ მიიღო ბრძანება, მოეკლა ყველა მამაკაცი, ვინც 15 წელს გადაცილებული იყო. ისაუბრა ბრძანებებზეც, როცა სახლის "გაწმენდვა" დაავალეს.

"არ აქვს მნიშვნელობა მშვიდობიანი მოქალაქე იქ იმყოფება თუ არა. სახლი უნდა გაიწმინდოს. ფეხებზე მეკიდა, შიგნით ვინ იყო. ქოხი იქნებოდა თუ სახლი, მიზანი იყო შიგნით ცოცხალი არავინ დაგვეტოვებინა. შეგიძლიათ ამისთვის განმსაჯოთ. არ შეგეწინააღმდეგებით. თქვენი უფლებაა. მაგრამ მეც მინდოდა სიცოცხლე". – მოყვა სავიჩევმა Gulagu.net-თან.

სავიჩევის თქმით, ვაგნერელები, რომლებიც ბრძანებებს არ ასრულებდნენ, კლავდნენ.

ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც კომენტარი სთხოვეს, ამბობს, რომ მას არ ჰქონია ინტერვიუების სრულად მოსმენის "ტექნიკური შესაძლებლობა". მისი თქმით, "არავინ ესვრის მშვიდობიან მოქალაქეებსა და ბავშვებს, ეს არავის სჭირდება".

კომენტარები