თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გადადგა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ავალიანი გადადგა. ამის შესახებ იმედის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მას ამ პოზიციაზე თეა თავართქილაძე ჩაანაცვლებს.

აზარაშვილის მტკიცებით, ამ მომენტისთვის რესპუბლიკურთან დაკავშირებული ყველა შესაძლო საკითხი ამოწურულია და პროტესტის გაგრძელების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

"რესპუბლიკურის პროტესტი არ განახლებულა. ვფიქრობ, რომ წინა დღეებთან შედარებით პროტესტი მინელებულია და გუშინდელი შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, პოზიტიურ ტალღაზე იყო. ყველა ის დეტალი გავიარეთ, რაც ამ მომენტისთვის ჩვენთვის ცნობილია. ყველა სავარაუდო კითხვას, რაც კი შეიძლება ყოფილიყო ჩვენ მიმართ ამომწურავად ვუპასუხეთ და გვქონდა შესაძლებლობა, რომ დახურულ ფორმატში ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი კითხვებისთვის გვეპასუხა. იყო მცირედი ინციდენტი, როცა ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა კითხვა-პასუხი და მოხდა სამწუხარო ფაქტი, აუდო ჩაწერის და შემდეგ უკვე, ერთ-ერთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტელევიზიას გადასცდეს ეს ჩანაწერი, რაზეც მომზადდა სრულიად აბსურდული სიუჟეტი. ამ სიუჟეტშიც კარგად ჩანდა, რომ ჩვენ აბსოლუტურად კონსტრუქციულად მივყვებოდით ყველა საკითხს. ამ მომენტისთვის ყველა შესაძლო საკითხი ამოწურულია და არანაირი საფუძველი პროტესტის გაგრძელების არ არსებობს". - თქვა აზარაშვილმა იმედთან ინტერვიუში.

10 აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქციის გეგმის პრეზენტაცია გამართა. ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე სამინისტროს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და კონცეფციას მოუმზადებელს უწოდებს. მისი სიტყვებით, საავადმყოფოს კონცეფცია ამ კვირაში დაწერილს ჰგავდა.

საქართველოს მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. 21 მარტს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილით მისწერეს. მესამე კვირაა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათ მხარდაჭერა სხვადასხვა კლინიკის მედიკოსებმაც გამოუცხადეს.

ექიმების პროტესტის ფონზე, აზარაშვილმა თქვა, რომ საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას სამხარაულის დასკვნის საფუძველზე მიიღებენ. ხოლო, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში, სამინისტრო პასუხისმგებლობას აიღებს ყველა დასაქმებულზე და იმ შემთხვევაში, თუ მედპერსონალს სხვა კლინიკებში ვერ დაასაქმებენ, მათ ხელფასს მაინც გადაუხდიან.

მანამდე რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილების შემდეგ გამოწვეულ ხმაურს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, საუბარი არის იმავე და არა სხვა ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და ყველა თანამშრომელს სამსახური შეუნარჩუნდება. 

კომენტარები