დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის მეთაური: მტერმა ჩვენზე არასწორი დასკვნები არ უნდა გამოიტანოს

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური, ჰერცი ჰალევი. 2023 წლის 7 აპრილი.
ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელისა და პალესტინურ ჯგუფებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევმა აღნიშნა, რომ მტერმა მათზე "არასწორი დასკვნები არ უნდა გამოიტანოს".

"ეს კომპლექსური პერიოდია, ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერებას ინარჩუნებს და მტრის წინააღდეგ განაგრძობს ძალის გამოყენებას საჭიროების შმეთხვევაში. ჩვენს მტრებს ვურჩევ, ჩვენს შესახებ არასწორი დასკვნები არ გამოიტანონ". – თქვა ჰალევიმ. 

ჰალევის თქმით, თავდაცვის ძალები, დღესასწაულებისა და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ქვეყნისშიდა უთანხოების მიუხედავად, ქვეყნის დასაცავად მზად არიან.

"დღესასწაულებისა და შიდა საჯარო დებატების დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალები მზადაა და მიზანდასახულია ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეები უსაფრთხოებით უზრუნველყოს". – თქვა ჰალევიმ.

ღაზის სექტორიდან და ლიბანიდან რაკეტების სროლის შემდეგ, 7 აპრილიც დაძაბულად გაგრძელდა. სხვადასხვა რეგიონებში შეიარაღებულ პირთა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები მოხდა. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე შეიარაღებული პირის მიერ ცეცხლის გახსნას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი ბრიტანეთის მოქალაქე ებრაელი იყო. ღაზის სექტორის მმართველმა დაჯგუფებამ, ჰამასმა სროლას "ბუნებრივი პასუხი" უწოდა. შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს თელ-ავივშიც დაესხა. მან ტერაქტისთვის გამოიყენა მანქანაც და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა. თავდამსხმელი პოლიციამ უვნებელყო. თელ-ავივის თავდასხმასთან დაკავშირებით ცნობილია, რომ დაჭრილია 6 და დაღუპულია 1 ადამიანი, თუმცა უცნობია, არის თუ არა ეს დაღუპული ადამიანი თავად თავდამსხმელი.

ლიბანის საზღვართან სიტუაციის დაწყნარების შემდეგ, ისრაელის ძალებმა მეზობელი ქვეყნიდან გადმოფრენილი მცირე ზომის დრონი ჩამოაგდეს. 

პალესტინურ ჯგუფებსა და ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდებს ეგვიპტე, რომელიც მხარეებს შორის ბოლო წლებში შუამავლის როლს ასრულებს. იერუსალიმის მიერ განხორციელებული საპასუხო იერიშები დაგმო კატარმა და აღნიშნეს, რომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობას სრულად ისრაელს აკისრებენ. პარალელურად თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  ირანელ კოლეგასთან, ებრაჰიმ რაისისთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ "ისლამური სამყარო პალესტინაზე ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ გაერთიანებული უნდა იყოს".

6-7 აპრილს ისრაელმა, ღაზის სექტორიდან და ლიბანიდან რაკეტების სროლის პასუხად, ამ ტერიტორიებზე იერიშები მიიტანა.

გასულ ღამეს პალესტინურმა ჯგუფებმა ღაზის სექტორიდან 44-მდე რაკეტა ისროლეს, ორ ტალღად. ისრაელმა საპასუხო იერიშები ორივე ტალღის შემდეგ მიიტანა. მათი სამიზნე ანკლავის მმართველი რადიკალური დაჯგუფების, ჰამასის 10-მდე ობიექტი იყო. იერიშები მიიტანეს ჯგუფის გვირაბებზე, იარაღის საწარმოებსა და რაკეტის გამშვებ დანადგარებზე. 

აქამდე, ლიბანის სამხრეთიდან, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლა აკონტროლებს, ისრაელის მიმართულებით 34 რაკეტა ისროლეს. ჰეზბოლას პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა აქ მოქმედი პალესტინური დაჯგუფებები მსგავს თავდასხმას მათი ნებართვისა და ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განახორციელებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში იერიშები ჰამასის აქ მყოფი განშტოების ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად სამხრეთ ლიბანში, სადაც პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკებია, ჰამასს გარკვეული გავლენები აქვს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ სამხრეთ ლიბანში ჰამასს მოქმედების საშუალებას არ მისცემენ და მათ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ლიბანს აკისრებენ.

უსაფრთხოების საბჭოს კრებაზე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული მიმდინარე შიდა უთანხმოება იერუსალიმს მტკიცე პასუხის გაცემაში ხელს ვერ შეუშლიდა.

დაძაბულობის ზრდა 5 აპრილს, იერუსალიმში მდებარე ალ-აკსას მეჩეთში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებამ გამოიწვია. წლის ეს პერიოდი ისრაელში მუდამ დაძაბულია, რადგან ებრაელები პასექს, არაბები კი რამადანის წმინდა თვეს აღნიშნავენ. 2021 წელს მსგავსი დაძაბულობა 11-დღიან ომში გადაიზარდა. ჰამასმა და სხვა პალესტინურმა ჯგუფებმა მაშინ 3 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, ისრაელს კი საპასუხო იერიშები მიჰქონდა. კონფლიქტი ეგვიპტის შუამავლობით დასრულდა.

ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას ახლო კავშირები აქვს ღაზის სექტორში მოქმედ პალესტინურ დაჯგუფებებთან: ჰამასთან და ისლამურ ჯიჰადთან.

კომენტარები