რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია

კობახიძე დაკავებულ აქტივისტზე: ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს

თავისთავად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და მნიშვნელოვანია, რომ სადაც არის სავარაუდო დანაშაული ჩადენილი, იქ ადამიანებმა პასუხი აგონ. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ - ეს იყო მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ეს იყო ქვების დაშენა. ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები და ასეთი დანაშაულებისთვის შესაბამისმა პირებმა, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგონ. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე და იმედია, რომ გაგრძელდება ამასთან დაკავშირებით გამოძიება. 

ნუ, რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული. ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ და ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, ეს ახალგაზრდა კაცი, გზას აცდენილი კაცი არის დაკავშირებული ბოლშევიკურ ტროიკასთან - ვაშაძე, ჯაფარიძე, ხოშტარიას ერთობასთან, ესეც მიუთითებს რაზე, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური ტროიკა არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაციაარეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. გუშინ, 29 მარტს დააკავეს პირი, რომელმაც, შსს-ს ცნობით, აქციებზე პოლიციას მოლოტოვის კოქტეილები ესროლა და მანქანას ცეცხლი წაუკიდა. 

კომენტარები