აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

აქციებზე პოლიციას ესროლა მოლოტოვის კოქტეილები, ცეცხლი წაუკიდა მანქანას - შსს-მ 1 პირი დააკავა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 

"2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე (ოჯახის წევრისთვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 11 პრიმა 187-ე მუხლებით (ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება ან განადგურება) ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელი ლ.გ. პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.გ.-მ მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

7, 8, 9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მაშინვე დაიწყო და გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები" - აცხადებს შსს.


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

9 მარტს დილით გავრცელდა ქართული ოცნების განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კანონპროექტს უპირობოდ გაიწვევდნენ. 10 მარტს კი, პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.

 

კომენტარები