წამლების ფასი

"რა სამართლიანობაზეა საუბარი" – PSP-ს დამფუძნებელი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს

კომპანია PSP-ს დამფუძნებელი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს პასუხობს. აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტომ უკვე დაიწყო მოკვლევა ოთხი ფარმაცევტული კომპანიის მიმართ. საქმე ეხება ონკოლოგიურ მედიკამენტებზე "ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას". მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც "დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს". იქამდე, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ უწყება ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტის მოხსნას იანვრიდანაც ფიქრობდა, თუმცა, "რეფერენტული ფასების ამოქმედებას ველოდებოდით და თავი შევიკავეთ, რადგან საბოტაჟის საფრთხეები არსებობდა". მისი შეფასებით, "ჯერ მზად არ არის ფარმაცევტული სექტორი ამისთვის, თორემ სამინისტრო და სახელმწიფო მზადაა, სრულად დააკმაყოფილოს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებები“.

"ბატონი ღარიბაშვილის შემდეგ, მედიკამენტების ფასების სამართლიანობაზე საუბარი ჯანდაცვის მინისტრმა, ბატონმა აზარაშვილმა განაგრძო. მან განაცხადა, რომ  დაადგენს, სამართლიანია თუ არა ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. რა სამართლიანობაზეა საუბარი - სახელმწიფო აფინანსებს ონკოლოგიურ პროგრამას და თქვენ გაქვთ ორი ინსტრუმენტი: 

  1. მედიკამენტების და არა მარტო მედიკამენტების კონსოლიდირებული შესყიდვა, რისთვისაც, ჯერ კიდევ სერგეენკოს მინისტრობის დროს, ჩემი რეკომენდაციით, დაარსდა სპეციალური სააგენტო, რომლის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ გამოაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი და მიიღოთ უდაბლესი ფასები მედიკამენტებზე, რადგან მოხმარების სტატისტიკა არსებობს. სწორედ ეს უდაბლესი ფასი იქნება ყველაზე სამართლიანი. 
  2. მეორე ინსტრუმენტი არის რეფერენტული ფასების დაწესება, რომლის შემოღებასაც საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრია 10 წელიწადზე მეტია ითხოვს, რათა დასრულდეს საუბარი ფასების სამართლიანობაზე. 

აქვე, რეფერენტული ფასების დაწესება, ანუ ფასების დარეგულირება იმგვარად უნდა მოხდეს, რომ აფთიაქებში დასაქმებული ფარმაცევტები, რომლებიც მთავრობას მაღაზიის გამყიდველები ჰგონია, იღებდნენ ღირსეულ ანაზღაურებას, რომელიც 1 500 ლარს უნდა აღემატებოდეს. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ხელფასები არ არის დარგში არსებული ზეკონკურენციის გამო. ამავდროულად, კომპანიებსაც უნდა ჰქონდეთ ევროპული სტანდარტის მოგება, რათა უზრუნველყონ ყველა ტიპის მედიკამენტის ხარისხიანი შენახვა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. 

სრულიად გაუგებარია მინისტრის მხრიდან საბოტაჟზე საუბარი. ვინ აწყობს საბოტაჟს - ფარმაცევტული სექტორი უწყობს საკუთარ მომხმარებელს? თუ ისაა საბოტაჟი, რომ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნესის მიმართ იყენებენ მსგავს რიტორიკას: „საბოტაჟი“, „მოღალატე“, "დესტრუქციული“?!  

მათი ტოტალური უცოდინრობა, გავრილოვის ჩამოყვანა, აგენტების შესახებ რუსული კანონი, ანაკლიის პორტის, ნამახვან-ჰესის, ჩვენი დიდი ფარმაცევტული წარმოების პროექტის შეჩერება და ა.შ. - აი, ეს არის საბოტაჟი! 

საქართველოს ფარმაცევტული ქსელები, განვითარების დონით,  ლიდერები არიან პოსტსაბჭოთა სივრცეში და შესაძლოა, ევროპაშიც,  ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო, ვერ იტყვის, რომ კარგი მმართველები და მენეჯერები არიან. ამას შედეგები გვიჩვენებს - საქართველოს სრული რეგრესი ყველა მიმართულებით! 

სხედხართ და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას ადარებთ თავს, რომელსაც რთული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ბიზნესთან, ე.ი. ეკონომიკასთან და თქვენ მათ ამ ნაწილშიც გაასწარით!  

ქვეყანას ბიზნესი აშენებს და ხელისუფლება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. სამწუხაროდ, თქვენ ეს არ გესმით! 

ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში" - წერს ოქრიაშვილი.


ჯანდაცვის სამინისტროს 23 განცხადებით, მედიკამენტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან "მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება". უწყების ცნობით, ამჯერად, საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. კერძოდ, სამინისტროს მტკიცებით, კომპანიების ნაწილმა ამ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს იმავე დღეს უპასუხა კომპანია PSP-მ. მათი განცხადებით, წინა პერიოდში გარკვეულს მედიკამენტებს, მოკლე ვადის გამო, "4-5 ჯერ უფრო დაბალ ფასად" ყიდდნენ. კომპანიის განმარტებით, მარტიდან რეალიზაციიდან ამოიღეს პროდუქცია, რომელთა მოქმედების ვადაც 1 თვეზე ნაკლებია.

"სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება" - აღნიშნავს PSP.

პარლამენტის 24 მარტის პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია PSP-მ "ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300%-იანი ფასმატება გააკეთა და ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება". ამის შემდეგ, დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა პრემიერს ღია წერილით მიმართა და დეზინფორმაციისთვის ბოდიში მოითხოვა.


პარლამენტმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები გასულ წელს მიიღო. პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. ამის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული პროდუქტების რეფერენტული ფასების  ჩამონათვალი დაამტკიცა. 

რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა.

ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თუკი ფარმაცევტული სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.

ზღვრული ფასების დაწესებიდან ერთ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, "ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა". კერძოდ, სამინისტროს მტკიცებით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა".

კომენტარები