წამლების ფასი

ენმ: ჯანდაცვის სფეროში ფასები გაიზარდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით, ფასები გაზრდილია ისეთ საბაზო წამლებზე, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე აქტიურად მოიხმარს. ენმ-ის სამოქალაქო-საზოგადოებრივი მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლების გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა, რისი ნათელი მაგალითიცაა მედიკამენტების ღირებულების მატება. მისი განცხადებით, ამის გამო, პენსიონერების, სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გართულდა და ისინი უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყვნენ.

ჭიაერაშვილს საქსტატის მონაცემები მოჰყავს და ამბობს, რომ ჯანდაცვის სფეროში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ფასი 7,1%-ით გაიზარდა, სამედიცინო პროდუქციის (მათ შორის, მედიკამენტები), აპარატურის და მოწყობილობის - 6,8 %-ით, ხოლო საავადმყოფოების მომსახურების - 2,7%-ით.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ვერ მოიტანა ის სიკეთე, რასაც მოქალაქეები ამ პროგრამიდან ელოდნენ და რასაც მათ ქართული ოცნება პირდებოდა. ჯერ ერთი, 2012 წლამდე დანერგილი ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტებისგან განსხვავებით, ეს პროგრამა საერთოდ არ ფარავს მედიკამენტების ხარჯს. მეორეც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არასწორმა წარმართვამ ჯანდაცვის სფეროში, მათ შორის, წამლებზე, ფასების ზრდა გამოიწვია" - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

კომენტარები