ჯანდაცვა

ჯანდაცვა: ცალკეულმა კომპანიებმა თურქეთიდან შემოსულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს

NHS

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, "ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა". კერძოდ, სამინისტროს მტკიცებით, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა".

"წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტო მზად არის, მოკვლევის პროცესში ჩაერთოს. ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, თურქეთიდან მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც საქართველოში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ევროპულთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს. შესაბამისად, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა, მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, წამლებზე სამართლიანი ფასის დაწესების გზით" - აცხადებს სამინისტრო.

პარლამენტმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები გასულ წელს მიიღო. პროექტი საკანონმდებლო დონეზე რეფერენტული ფასწარმოქმნის დაშვებას ითვალისწინებს. ამის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული პროდუქტების რეფერენტული ფასების  ჩამონათვალი დაამტკიცა. 

რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა.

ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თუკი ფარმაცევტული სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს და ზოგიერთ წამალზე შესაძლოა ფასი დაკორექტირდეს.

კომენტარები