აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

დეგნანი: სახდეპის ანგარიში პრობლემებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან პიროვნებებს

US Embassy Tbilisi, Georgia / Facebook

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში პრობლემებს ეხება და არა პოლიტიკურ პარტიებს ან პიროვნებებს.

"აშშ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ათეულობით წლის განმავლობაში ამზადებს ანგარიშს, რომელიც ეხება არა პოლიტიკურ პარტიებს ან ინდივიდუალურ პირებს, არამედ საკითხებს და მათი მასალა სანდო წყაროების მთელ სპექტრს ეფუძნება. ჩვენ ორმაგ გადამოწმებას მივმართავთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ანგარიშში შესული ინფორმაცია არის სანდო და უტყუარი. ეს ანგარიშები მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ ადამიანებს, დაუბრუნდნენ და წაიკითხონ წინა ანგარიშები, რადგან ისინი ქრონოლოგიურად წარმოადგენენ როგორც იმ სფეროებს, სადაც საჭიროა გაუმჯობესება, ასევე იმათ, სადაც მიღწეულია რეალური პროგრესი.

საქართველოში თუ სადმე სხვაგან ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების საბოლოო მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს თავისი დემოკრატია, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლებები. იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში აღქმული იქნება, როგორც სასარგებლო რესურსი ამ მიზნის მისაღწევად". - თქვა დეგნანმა.


21 მარტს, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, ანგარიში "ძირითადად, NGO-ების უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა". 

ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ 5 ივლისისა და აფგან მუხთანლის საქმეები, რომლებიც სახდეპის ანგარიშში მოხვდა, არის "მიკერძოებული ადამიანების მიერ მოფიქრებული ცრუ ინფორმაცია" და სიმართლეს არ შეესაბამება.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილში საუბარია საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების პრობლემურობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ქვეყნის ძალოვანი უწყებები რიგ შემთხვევაში ძალადობრივ გზებს მიმართავდნენ და ამის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არსებობს.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიში მოიცავს წამების ან არაადამიანური, სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ფაქტებს და ამავე ქვეთავში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების მოპყრობაზეა საუბარი.

კომენტარები