აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახ. დეპ.-ის ანგარიში: საქართველოში ნარკოტიკების ამოღება 2016 წლის შემდეგ შემცირდა

შტეფან ვერმუტი / REUTERS

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს წარუდგინა 2019 წლის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიში, რომელიც ასახავს აშშ-სათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშის პირველი თავი ნარკოტიკების კონტროლის კუთხით განხორციელებულ აქტივობებს მოიცავს, ხოლო მეორე თავი ფულის გათეთრებას და ფინანსურ დანაშაულებს შეეხება.

ანგარიშში საუბარია საქართველოზეც:

"საქართველო კავკასიაში კონტრაბანდის ტრადიციული მარშრუტის გასწვრივ მდებარეობს, რაც მას მოწყვლადს ხდის ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აგრძელებენ ოპიუმის, ჰეროინის და ჰეროინის საწარმოებლად საჭირო მთავარი ქიმიური ნივთიერების - ძმარმჟავის ანჰიდრიდის ტრეფიკინგს."

პირველ თავში საქართველოს შესახებ აღნიშნულია, რომ 2018 წელს ფოთის პორტში 15 მეტრული ტონა ძმარმჟავას ანჰიდრიდი ამოიღეს, რაც ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესია. ანგარიშის მიხედვით ქიმიური ნივთიერება ჩინეთიდან მოდიოდა და ავღანეთში ჰეროინის საწარმოებლად უნდა გამოეყენებინათ.

თუმცა ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ მიუხედავად ავღანეთში ოპიუმის წარმოების რეკორდული მაჩვენებლებისა, საქართველოში ნარკოტიკების ამოღება 2016 წლის შემდეგ შემცირდა.

"საქართველოს მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების პრობლემა ქვეყანაში 50,000-მდე ადამიანის უდგას. სინთეტიკური და "კლუბური" ნარკოტიკები ყველაზე პოპულარულია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. 2018 წლის აპრილში ორ პოპულარულ ქართულ ღამის კლუბზე პოლიციის რეიდებმა თბილისში არეულობა გამოიწვია. ათასობით ადამიანმა რეიდები, როგორც ძალაუფლების გადაჭარბება, გააპროტესტა და ხელისუფლებას მოუწოდა შემოეღო ნაკლებად მკაცრი კანონები ნარკოტიკებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსმა საპასუხო რეაქციამ მოსახლეობის მხრიდან შესაძლოა შეაფერხოს სამომავლო ოპერაციები ნარკოტიკებთან ბრძოლის წინააღმდეგ საპასუხო რეაქციის შიშით."

ანგარიშში ასევე საუბარია 2018 წლის ივლისში სამედიცინო მიზნებით მარიხუანის მოყვანის და წარმოების ლეგალიზებაზე და პირადი მოხმარების დეკრიმინალიზებაზე.

"2018 წლის ივლისში საქართველოში მოხდა სამედიცინო მიზნით მარიხუანის მოხმარები და კულტივაციის ლეგალიზება და პირადი მოხმარების დეკრიმინალიზება. არასაკამრისი მონაცემებია იმის შესაფასებლად, მოახდენს თუ არა ეს გავლენას სხვა არალეგალური ნარკოტიკების მოხმარებაზე, გაყიდვაზე და ტრანზიტზე." ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავდა მოდელს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანდნენ და გადაამუშავებდნენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე უნდა გასულიყო. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა ინიციატივას სასულიერო პირების ნაწილი შეეწინააღმეგა, რის შემდეგაც ინიციატივა შეჩერდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან ნარკო-ტრეფიკინგსა და მოხმარებასთან საბრძოლველად და ნარკოდამოკიდებულებაზე ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესამუშავებლად, მათ შორის სამოქალაქო სექტორთან, გაეროს ნარკოტიკებისა და კრიმინალის ოფისთან დასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რეგიონულ პარტნიორ სახელმწიფოებთან და ევროკავშირთან.

"აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კრიმინალთან, არალეგალური ნარკოტიკების მოხმარებასთან და ტრეფიკინგთან ბრძოლაში." ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები