აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2022

დაუსჯელობა, პოლიტიკური პატიმრები, მედიის თავისუფლება – სახ. დეპ-ის ანგარიში საქართველოზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილში საუბარია საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების პრობლემურობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ქვეყნის ძალოვანი უწყებები რიგ შემთხვევაში ძალადობრივ გზებს მიმართავდნენ და ამის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არსებობს.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიში მოიცავს წამების ან არაადამიანური, სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ფაქტებს და ამავე ქვეთავში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების მოპყრობაზეა საუბარი.

დოკუმენტში სერიოზულ პრობლემადაა მოხსენიებული საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა პრობლემურ გამოძიებებთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან ერთად. მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის პოლიტიკური პატიმრების შესახებ ქვეთავში საუბარია მთავარი არხის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. სახელმწიფო დეპარტამენტი ნიკა გვარამიას საქმეს ასევე ეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტშიც.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ხაზს უსვამს პირად ცხოვრებაში თვითნებური და უკანონო ჩარევის შესახებ პრობლემას. სახ. დეპი ციტირებს სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო თვალთვალის არაერთი ფაქტის შესახებ. 

სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს იმ კონტრავერსიულ საკანონმდებლო შესწორებაზეც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო და რომლითაც საგამოძიებო თვალთვალის პერიოდი 6-დან 9 თვემდე გაიზარდა და დამტკიცდა საკამათო შესწორება შეტყობინების გარეშე თვალთვალის გაგრძელებაზე.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საქართველოში მედიის თავისუფლების "სერიოზულ" შეზღუდვას, მათ შორის ძალადობასა და ძალადობის მუქარას ჟურნალისტების მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტი პრესისთვის ცენზურის დაწესებისა და შინაარსის შეზღუდვის ქვეთავში განიხილავს თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეს.

ამასთან, ხაზგასმულია პრობლემები LGBT+ თემის მიმართ ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით.  დოკუმენტში საუბარია ხელისუფლების მიერ დამნაშავეების დაუსჯელობის შესახებ და ნათქვამია, რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების არჩატარებამ დანაშაულის დაუსჯელობა გამოიწვია.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ასევე გამოიხატა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის არასათანადო ძალის გამოყენებაში და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გატაცებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუხთარლის საქმე ყურადღების ეპიცენტრში კიდევ ერთხელ 2022 წლის 26 ივლისს მოექცა, როდესაც პატიმრობაში მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა განცხადება გაავრცელა და ამტკიცებდა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 2017 წელს მუხთარლის გატაცების ბრძანება გასცა.

დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში მოქალაქეთა უფლებრივ მდგომარეობაზე და ხაზგასმულია, რომ "რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებამ ორივე რეგიონში დაუსჯელად ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაულები".

კომენტარები