სახდეპის ანგარიში

პრემიერი სახდეპის ანგარიშზე: ძირითადად, NGO-ების უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ანგარიშს ეხმაურება. პრემიერი ამბობს, რომ ანგარიში მათთვის საინტერესო არ არის. მისივე თქმით, აღნიშნული ანგარიში "ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების" მიერ მიწოდებული ინფორმაციებით მომზადდა.

"მე გავეცანი ძალიან მოკლედ ანგარიშს და ძირითად აქცენტებს, რაც გამოკვეთილია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ანგარიში ძირითადად ეყრდნობა იმ ინფორმაციებს, რომლებიც მიწოდებული იყო არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებზე, რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ." - თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ 5 ივლისისა და აფგან მუხთანლის საქმეები, რომლებიც სახდეპის ანგარიშში მოხვდა, არის "მიკერძოებული ადამიანების მიერ მოფიქრებული ცრუ ინფორმაცია" და სიმართლეს არ შეესაბამება.

"თქვენ მიერ ნახსენები ფაქტები [5 ივლისი, აფგან მუხთარლის საქმე] არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილი ცრუ, მოგონილ ინფორმაციებზე დაყრნობილი დასკვნები და ანგარიში. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო. 10 წლის წინ და უფრო ადრეც, როცა, მაგალითად, ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედიათავისუფლება საერთოდ არ არსებობდა, არცერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა, მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომელიც, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც სამწუხაროა." - თქვა ღარიბაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის შემაჯამებელ ნაწილში საუბარია საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების პრობლემურობაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ქვეყნის ძალოვანი უწყებები რიგ შემთხვევაში ძალადობრივ გზებს მიმართავდნენ და ამის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია არსებობს.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიში მოიცავს წამების ან არაადამიანური, სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ფაქტებს და ამავე ქვეთავში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების მოპყრობაზეა საუბარი.

დაუსჯელობა, პოლიტიკური პატიმრები, მედიის თავისუფლება – სახ. დეპ-ის ანგარიში საქართველოზე

კომენტარები