სირია-ისრაელი

ისრაელმა ალეპოს აეროპორტის მახლობლად იერიში მიიტანა – სირია

სირიის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელმა ალეპოს აეროპორტის მახლობლად საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მათი ინფორმაციით, იერიშს "მატერიალი ზიანი და სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა მოჰყვა". რეგიონული დაზვერვის ცნობით, თავდასხმა ირანის იარაღის საცავზე მოხდა. 

სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ეს ალეპოს აეროპორტზე ექვს თვეში მესამე თავდასხმაა და "ისრაელმა ამჯერად ხმელთაშუა ზღვიდან, სანაპირო ქალაქ ლატაკიის დასავლეთით, დილის 3:55 საათზე გაუშვა რამდენიმე რაკეტა".

ისრაელის სამხედრო სპიკერმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

სირიამ ისრაელი საჰაერო იერიშში ბოლოს გასულ თვეს დაადანაშაულა. მაშინდელი თავდასხმა დამასკოში მოხდა და სირიის სამთავრობო მედიის ცნობით 5 ადამიანი ემსხვერპლა.

აეროპორტი ისრაელის სამიზნე აქამდეც გამხდარა. გასული წლის იანვარში იერიში მიიტანეს დამასკოს საერთაშორისო აეროპორტზე, რასაც ორი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა და დაზიანების შედეგად ობიექტი დახურეს. ეს თავდასხმა მოჰყვა იერუსალიმის შიშს, რომ აეროპორტი სირიაში ირანული იარაღის შესატანად გამოიყენებოდა.  ამას გარდა, ამავე წლის აგვისტოში სირიამ სირაელი ალეპოს საერთაშორისო აეროპორტზე მიტანილ ორ თავდასხმაშიც დაადანაშაულა.

ისრაელს აღიარებული აქვს, რომ  სირიაში ირანთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების, როგორიცაა ჰეზბოლა, ბაზებზე იერიშები მიჰქონდათ. თუმცა, ისრაელის თავდაცვის ძალებში იერიშებთან დაკავშირებით კომენტარს იშვიათად აკეთებენ.

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს.

კომენტარები