სირია-ისრაელი

სირია ისრაელს ალეპოს აეროპორტზე იერიშის მიტანაში ადანაშაულებს, აეროპორტი დახურეს

აფეთქება ალეპოში, კადრი მოქალაქის გადაღებული ვიდეოდან.

სირიის ბრალდებით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ სირიაში, ალეპოში მდებარე აეროპორტზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

არ არის ცნობები დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ, თუმცა, სირიის სამთავრობო მედია SANA ავრცელებს ინფორმაციას, რომ აეროპორტი დაზიანების გამო დაიხურა. ცნობის მიხედვით, გააქტიურებული იყო სირიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, თუმცა უცნობია შეძლეს თუ არა რაკეტების უვნებელყოფა. 

ისრაელის თავდაცვის ძალებს, საკუთარი ჩვეული პოლიტიკის შესაბამისად, მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

სირიამ ისრაელი საჰაერო იერიშში ბოლოს გასულ თვეს დაადანაშაულა. მაშინდელი თავდასხმა დამასკოში მოხდა და სირიის სამთავრობო მედიის ცნობით 5 ადამიანი ემსხვერპლა.

აეროპორტი ისრაელის სამიზნე აქამდეც გამხდარა. გასული წლის იანვარში იერიში მიიტანეს დამასკოს საერთაშორისო აეროპორტზე, რასაც ორი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა და დაზიანების შედეგად ობიექტი დახურეს. ეს თავდასხმა მოჰყვა იერუსალიმის შიშს, რომ აეროპორტი სირიაში ირანული იარაღის შესატანად გამოიყენებოდა.  ამას გარდა, ამავე წლის აგვისტოში სირიამ სირაელი ალეპოს საერთაშორისო აეროპორტზე მიტანილ ორ თავდასხმაშიც დაადანაშაულა.

ისრაელს აღიარებული აქვს, რომ  სირიაში ირანთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების, როგორიცაა ჰეზბოლა, ბაზებზე იერიშები მიჰქონდათ. თუმცა, ისრაელის თავდაცვის ძალებში იერიშებთან დაკავშირებით კომენტარს იშვიათად აკეთებენ.

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს.

კომენტარები