საქართველო-უკრაინა

უკრაინის საგარეო: საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ, სადაც საჭიროა

"იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა". - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო. ნიკოლენკოს განცხადების თარგმანს საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.  

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ რიგი არამეგობრული განცხადება გააკეთეს.

თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რა რუსული პროპაგანდის თეზისს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინა დაადანაშაულეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში.

ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინელები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობრად, რომელსაც ვუსურვებთ, რომ არ შეაჩეროს ევროპული მომავლის განვითარება". 

უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების კრიტიკის საპასუხოდ, ქართული ოცნების წევრები უკრაინას საქართველოს ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებენ. გუშინ, 12 მარტს იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, "აქაც რაღაც მოხდეს". 

"თქვენ ახსენეთ ზელენსკის მიმართვა, ახლა ომში მყოფი ადამიანი, როცა იცლის და აქ საქართველოში რამდენიმე ათასი ადამიანის გამართულ დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს უკვე პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს". - თქვა პრემიერმინისტრმა . 

კომენტარები