რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენი შესაძლოა პროუკრაინულმა ჯგუფმა ააფეთქა

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ს მაღალჩინოსნებმა განიხილეს სადაზვერვო ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენზე თავდასხმა შესაძლოა პროუკრაინულ ჯგუფს მოეწყო. 

გამოცემასთან ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ არ არსებობს სამხილი, რომელიც ამ ოპერაციაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ან მისი უმაღლესი ლეიტენანტების ჩართულობას ადასტურებს. მათი თქმით, არ დასტურდება, რომ მოქმედებები უკრაინის მთავრობის რომელიმე წარმომადგენლის დირექტივებით ხდებოდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები NYT-სთან ამბობენ, რომ ამფეთქებლებზე ბევრი რამ არ იციან. მათ ხელთ არსებული სადაზვერვო მასალები მიუთითებს, რომ ისინი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგეები იყვნენ. ამერიკელი მაღალჩინოსნები არ აზუსტებენ თუ რა ჯგუფზეა საუბარი და უარს ამბობენ იმის თქმაზე, თუ როგორ მოიპოვეს სადაზვერვო ინფორმაცია. მათივე თქმით, საბოტაჟის მომწოყობები სავარაუდოდ უკრაინის ან რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, ან ორივე. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს.

2022 წლის სექტემბერში გავრცელდა ცნობები ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის აფეთქებების შესახებ. პირველი გაზსადენი ევროპას ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ბუნებრივ აირს აწვდიდა. მეორე გაზსადენიც ამავე მიზნით აშენდა, თუმცა მისი ექსპლუატაციაში შესვლა ვერ მოესწრო. 

პარალელურად, გერმანულ მედიებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ გემი, რომლიდანაც გაზსადენს თავს დაესხნენ, უკრაინელებისთვის ჰქონდათ მიქირავებული. როგორც გამოცემა Zeit-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ დივერსიის კვალი "უკრაინამდე მიდის", გერმანელი გამომძიებლები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ გაარკვიონ, ვინ დგას მისი ორგანიზების უკან. მათივე ინფორმაციით, დასავლელი სადაზვერვო სამსახურები არ გამორიცხავენ, რომ ეს იყო ოპერაცია ცრუ დროშის ქვეშ.

გაზსადენზე თავდასხმასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. მისი თქმით, აფეთქებასთან უკრაინა კავშირში არაა და არ აქვთ ინფორმაცია პროუკრაინელ ჯაშუშებზე, რომელთაც ამისი გაკეთება შეეძლოთ.

კომენტარები