კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

რუსული კანონპროექტები პარლამენტის სესიაზე 9 მარტს გავა

ტაბულა

ფრაქცია  ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებული რუსული კანონპროექტები პარლამენტის პლენარულ სესიაზე 9 მარტს განიხილება. ამის შესახებ მდინარაძემ პატრიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

მისი თქმით, ხვალ,  7 მარტს, პლენარულ სხდომაზე სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონს განიხილავენ.

"ხვალ იქნება პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ იქნება სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონის განხილვა, რომელიც ასევე ვნებათაღელვის საფუძველი გახდა. აგენტების შესახებ კანონებს რაც შეეხება, ამისთვის მთელი დღე დაგვჭირდება, თუ გვეყო ისიც. ხუთშაბათი დღე გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით".- თქვა მდინარაძემ. 

6 მარტს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "აგენტების" შესახებ რუსულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ბიუროს სხდომა, რომელიც 15:00 საათზე იყო ჩანიშნული და სადაც პლენარული სხდომის დღის წესრიგში რუსული კანონის განხილვაც უნდა შეეტანათ, 7 მარტის დილის 10:00 საათზე ჩაინიშნა. პარალელურად დილის 9 საათიდან აქციაა დაგეგმილი. 


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

კომენტარები