ნიკა გვარამიას საქმე

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას სამედიცინო სფეროს წევრები უერთდებიან

ნიკა გვარამია

მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან. 

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლება სპეციალური განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას უახლოეს პერიოდში გათავისუფლება, პრეზიდენტის მხრიდან გონივრული ნაბიჯი იქნება. 

"ჩვენ, საქართველოს ექიმებს მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეც გადის. დრო არ ითმენს. ახლა სიჩუმე და გულგრილობა დაუშვებელია. ჩვენ ექიმები ვდგავართ სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს. ვფიქრობთ, ნიკა გვარამიას გათავისუფლება იქნება სწორი როგორც მორალურად, ასევე, იურიდიულად და დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ამ მეტად მნიშვნელოვან გზაზე. 

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული პრეზიდენტის როლი ამ პროცესში და ასევე ის, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლების გზა უმოკლესი გზა მისი შეწყალებაა. პრეზიდენტს მარტივად შეუძლია, გადაჭრას ეს პრობლემა და დაამტკიცოს მის მერ გაცხადებული ევროპული კურსის მიმართ ერთგულება. ამ ქმედითი ნაბიჯით ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. 

სრულიად ვუჭერთ მხარს ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას და მათ აქტივობას, რაც აბსურდული ბრალდებით, უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებისაკენ იქნება მიმართული".- აღნიშნავენ ექიმები. 

16 თებერვალს, ნიკა გვარამიას მეგობრებმა და მედიის წარმომადგენლებმა მისი გათავისუფლების მოძრაობა შექმნეს. როგორც ბრიფინგისას ადვოკატმა ბაჩანა შენგელიამ თქვა, მათი მიზნის მიღწევა ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდითა და ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი.


2022 წლის 16 მაისს, კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ, წინა ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი გაფლანგვის მუხლი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. თუმცა, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მთავარი არხის დირექტორს 2015 წლის ეპიზოდზე ჯარიმა მიუსაჯა, ხოლო ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ ორივე ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელი გამოიყენა.

კომენტარები