ნიკა გვარამიას საქმე

მოსამართლემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიუსაჯა 50 000 ლარი ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით. სასჯელის შთანთქმის პრინციპით მას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა.

მოსამართლემ მისი დაუყოვნებლივ დაკავების განკარგულება გასცა.

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000- ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

"უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ნიკა გვარამიას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 წლისა და 6 თვის ვადით" - განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები