ნიკა გვარამიას საქმე

Amnesty International: ნიკა გვარამიას განაჩენი პოლიტიკური მოტივით განსხვავებული ხმის ჩახშობაა

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Amnesty International-ის დირექტორი მარი სტრუტერსი მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება. ორგანიზაციის დირექტორი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას უწოდებს და ამბობს, რომ გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

"ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში ქმედება მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ. მას ახლა გისოსებს მიღმა წლების გატარება ემუქრება, რადგან მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

Amnesty International-ი ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან პოლიტიკური მოტივებით, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ემსახურება. ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა ბრალის წარსადგენად საკმარისი დანაშაული, რაც დაადასტურეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ და საქართველოს სახალხო დამცველმა, რომლებიც აკვირდებოდნენ სასამართლო პროცესს. საქმე ამ საკითხების გადასაჭრელად საჩივრდება.

ნიკა გვარამიას დამნაშავედ ცნობა გამოკვეთს მზარდ შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების დაქვეითებასთან დაკავშირებით და ავლენს ხელისუფლების მზარდ გავლენას სასამართლოებზე რიგ საქმეებზე, რომელთა მიზანი მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების შეკავებას". – თქვა სტრუტერსმა.


16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000-ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები