ჰარვი ვაინშტაინი

პერის ჰილტონის თქმით, ჰარვი ვაინშტაინი ტუალეტამდე აედევნა და კარის გაღება სცადა

Variety

პერის ჰილტონის თქმით პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი მას ტუალეტამდე აედევნა და შემდეგ კარის გაღება სცადა. შემთხვევა 2000 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხდა.

"ტუალეტში შევედი და კარი ჩავკეტე. როგორც ჩანს ამედევნა, კარის სახელურს ეჯაჯგურებოდა და კარს დიდი ძალით ხელს ურტყამდა, თან ყვიროდა: "გინდა გახდე ვარსკვლავი"? ძალიან შემეშინდა და კარი არ გავაღე, საბოლოოდ დაცვამ გაიყვანა". – იხსენებს ჰილტონი.

ჰილტონის თქმით პროდიუსერი წინა საღამოს გაიცნო:

"ჩემს მაგიდას მოუახლოვდა და გამეცნო. მკითხა მსახიობობა თუ მინდა, რაზეც ვუპასუხე, რომ მინდა. შემდეგ შეხვედრა შემომთავაზა: "ჩემს ოთახში ამოდი და რამდენიმე სცენარს წაგაკითხებ". უარი ვუთხარი და არ გავყევი".

ვაინშტაინის შესახებ ჰილტონმა გამოცემა Glamour-თან ინტერვიუში ილაპარაკა. შოუბიზნესის წარმომადგენელმა იმავე ინტერვიუში თქვა, რომ 15 წლის ასაკში გააუპატიურეს.  


2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ვაინშტაინის მხილების შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც ქალები მთელი მსოფლიოდან წერდნენ სექსუალური შევიწროების შესახებ.

ჰარვი ვაინშტაინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, პროდიუსერის თავისივე კომპანიიდან The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს, ის გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდანაც.

2020 წლის 24 თებერვალს, ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.

2023 წლის 24 თებერვალს ლოს ანჯელესის სასამართლომ დამატებით 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა გაუპატიურებისა და გაუპატიურების მიზნით თავდასხმის ბრალდებით.

კომენტარები