ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ჰარვი ვაინშტაინს ლოს ანჯელესის სასამართლომ დამატებით 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ჰარვი ვაინშტაინს, რომელიც უკვე 23-წლიან სასჯელს იხდის ნიუ იორკში, ლოს ანჯელესის სასამართლომ დამატებით 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა გაუპატიურებისა და გაუპატიურების მიზნით თავდასხმის ბრალდებით.

ვაინშტაინმა სასამართლოზე მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები უარყო და თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

2022 წლის 20 დეკემბერს, ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი პროდიუსერი შვიდიდან სამ საქმეში, მათ შორის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს დაიწყო, საქმეში 44 მოწმე ფიგურირებდა.

შვიდივე ინციდენტი 2005-2013 წლებში ლოს-ანჯელესში მოხდა და დანაშაული 18-დან 24 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ვაინშტაინის მხილების შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც ქალები მთელი მსოფლიოდან წერდნენ სექსუალური შევიწროების შესახებ.

ჰარვი ვაინშტაინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, პროდიუსერის თავისივე კომპანიიდან The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს, ის გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდანაც.

2020 წლის 24 თებერვალს, ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.

3 ივნისს ვაინშტაინს ნიუ-იორკის სასამართლომ სააპელაციო სარჩელი არ დაუკმაყოფილა.

კომენტარები