მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში მიწისძვრისას დანგრეული შენობების გამო გამოძიება 600-მდე პირის წინააღმდეგ დაიწყო

თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს ჩამონგრეული შენობების გამო გამოძიება 600-მდე პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაღის ცნობით, 612 ეჭვმიტანილიდან 184 დაკავებულია და სასამართლო პროცესის მოლოდინში იმყოფება. დაკავებულთა შორის არიან სამშენებლო კონტრაქტორები, შენობის მფლობელები და მმართველები. 
 

7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 000-მდე შენობა დაინგრა, მათ შორის, რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.


მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში 41 000 ადამიანს მიაღწია. არც ერთ ქვეყნას არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება, თუ რამდენი ადამიანი რჩება დაკარგულად.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 1939 წლის შემდეგ ეს თურქეთში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო.

კომენტარები