რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი და უკრაინა მიესალმებიან კონფლიქტის გადაჭრაში ჩინეთის ჩართულობას

რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა ჩინეთის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მეტწილად დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ისინი მიესალმებიან კონფლიქტის გადაჭრაში ჩინეთის ჩართულობას. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი აფასებს ჩინეთის გეგმას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და ღიაა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მიაღწიოს მიზნებს, რომელსაც ის თავისი "სპეციალური სამხედრო ოპერაციით" ისახავს.

"ვაფასებთ ჩვენი ჩინელი მეგობრების გულწრფელ სურვილს, წვლილი შეიტანონ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში... ვიზიარებთ პეკინის შეხედულებებს". - აღნიშნა ზახაროვამ, თუმცა მისივე თქმით, ეს უკრაინაში ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარებას უნდა მოიაზრებდეს. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჩინეთის გეგმა ნაწილობრივ გასაგები იყო, თუმცა ზოგიერთი პუნქტი გაუგებარი დარჩა. 

"ჩინეთმა გაგვიზიარა თავისი მოსაზრება. მივიჩნევ, ფაქტი, რომ ჩინეთმა დაიწყო უკრაინაზე საუბარი, ცუდი არ არის. თუმცა საკითხავი ისაა, რა მოჰყვება სიტყვებს. კითხვა მდგომარეობს რეალურად გადადგმულ ნაბიჯებში, თუ სად მიგვიყვანენ ისინი". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 


რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც კონფლიქტის თანდათანობით დეესკალაციას ისახავს მიზნად. ჩინეთი კრიზისის დასარეგულირებლად მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გეგმა მოიცავს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტასა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის აღდგენას. 

კომენტარები