საქართველო-უკრაინა

კასიანოვი კობახიძეზე: ასეთი სავარძლის გენერლები გეოგრაფიისა და გეომეტრიის წიგნებს გაეცნონ

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი "მორიგ უპასუხისმგებლო განცხადებას" უწოდებს ირაკლი კობახიძის ნათქვამს, რომლის მიხედვითაც, "რუსეთს უკრაინაში უპირატესობა აქვს“. მისი შეფასებით, ქართული ოცნების ცალკეული მოქმედი დეპუტატები აგრძელებენ რუსი სამხედრო დამნაშავის, სერგეი შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.

“სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვიკვირდა პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს, მაგრამ ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი სკამი, რომელიც მას ქართველმა ხალხმა მიანდო, რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს,

თუმცა, გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლო უმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების პოლიტიკას. ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ პროსახელისუფლებო ქართული ოცნების ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.

ასეთ სავარძლის გენერლებს ვურჩევდით, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ, რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომის ამ წელს. და ეს არის უკრაინის სუვერენული ტერიტორიის 80 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი, ისევე როგორც ათასობით ჩვენი ქალაქის და სოფლის გათავისუფლება, მათ შორის, ისეთი ქალაქისა, როგორიცაა ხერსონი – უკრაინის ერთადერთი რეგიონული ცენტრი, რომლის აღება რუსმა დამპყრობლებმა ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდანვე მოახერხეს. რამშტაინის ფორმატში უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის მე-9 შეხვედრაზე შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე წააგო სტრატეგიულად, ოპერაციულად და ტაქტიკურად და ყოველდღიურად დიდ ფასს იხდის ბრძოლის ველზე. პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა ადვილი ნადავლი იყო და დაუსჯელი დარჩებოდა. მაგრამ ის და მისი სამხედრო ხუნტა უხეშად ცდებოდნენ. უკრაინა რჩება თავისუფალი და დამოუკიდებელი, შთააგონებს მთელ მსოფლიოს თავისი გამბედაობით და გამძლეობით" - თქვა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა. 

კომენტარები