კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

მდინარაძე: თუ ოპოზიცია აგენტების კანონის ამერიკულ ვარიანტს დაუჭერს მხარს, ჩვენც ვიფიქრებთ

ქართული ოცნება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უკან წაიღო მისი სიტყვები, რომ მმართველი მოძრაობა ხალხის ძალის მიერ უცხოური აგენტების შესახებ ამერიკული ვარიანტის პირდაპირ თარგმანს მხარს არ დაუჭერდა. მდინარაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია კანონპროექტის ამ ვერსიას მხარს დაუჭერს, მხარდაჭერაზე ქართული ოცნებაც იფიქრებს.

"ოპოზიციამ თქვას, დაუჭერენ თუ არა მხარს ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანს მხარს. ამის შემდეგ მე უკან წავიღებ სიტყვებს იმის შესახებ, რომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამ ვარიანტს. ვიფიქრებთ, დავუჭერთ თუ არა მხარს. თუ ეს მისაღებია, ჩვენი ოპონენტებისთვის – რაც არის ამერიკულ კანონმდებლობაში, გადმოვაქართულოთ, დანარჩენი ყველაფერი დავტოვოთ და მივიღოთ, მაშინ მივიღოთ. იმ სპეკულაციებს და სისულელეს თავი დაანებონ, რომ კანონპროექტი რუსულია. [...] თუ ისინი მხარს დაუჭერენ, შესაძლებელია, ჩვენც ვიფიქროთ ამერიკული ვარიანტის მხარდაჭერაზე". – თქვა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაიცების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.

ივანიშვილის დეპუტატების განცხადების შემდეგ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონპროექტის პირდაპირ გადმოთარგმნილ ამერიკულ ვარიანტს ქართული ოცნების მხარდაჭერა არ ექნებოდა.

კომენტარები