რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი პუტინის მიმართვაზე: რეალობასთან კავშირი დაკარგული აქვს, რუსეთი ჩიხშია

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ფედერალური კრებისადმი მიმართვამ აჩვენა, რომ მას რეალობასთან კავშირი დაკარგული აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ იგი უკრაინაში ომს განაგრძობს. ამასთან, მან აშშ-ს ხელმძღვანელობით NATO ცეცხლის გაღვივებაში დაადანაშაულა. ალიანსი, პუტინის თქმით, მოქმედებდა იმ მცდარი რწმენით, რომ მოსკოვის დამარცხებას გლობალურ დაპირისპირებაში შეძლებდა. 

"ის არის სრულიად განსხვავებულ რეალობაში, სადაც არ არსებობს სამართლიანობისა და საერთაშორისო კანონის შესახებ დიალოგის გამართვის შესაძლებლობა". - აღნიშნა პოდოლიაკმა Reuters-თან საუბრისას.

ამასთან, პოდოლიაკმა თქვა, რომ პუტინს დაბნეულობისა და სიტუაციის გაუგებრობის ნიშნები ემჩნევა, რაც უახლოეს მომავალში რუსეთისთვის უფრო მეტ სირთულეებს გამოიწვევს.

"რუსეთი ჩიხშია. ყველაზე სასოწარკვეთილ სიტუაციაში. ყველაფერი, რასაც რუსეთი გააკეთებს, მხოლოდ გააუარესებს მის მდგომარეობას". - დასძინა მიხაილო პოდოლიაკმა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ფედერალური კრებისადმი მიმართვაში ომის დაწყებაში დასავლეთსა და უკრაინას ადანაშაულებს. 

"მინდა გავიმეორო: ეს მათ გააჩაღეს ომი, ჩვენ კი ვიყენებდით და ვიყენებთ ძალას, რომ ის შევაჩეროთ". – თქვა პუტინმა. 

პუტინის მტკიცებით, კონფლიქტის გამწვავება დასავლეთის ბრალია და რუსეთი მის მშვიდობიანად გადაჭრისთვის "ყველაფერს ცდილობდა". 

კომენტარები