რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ უკრაინისთვის 522 მილიონი დოლარის ღირებულების საარტილერიო ჭურვები დაუკვეთა

14 თებერვალს აშშ-ს არმიამ გამოაცხადა, რომ მან ორ კომპანიას (Northrop Grumman Systems Corp. და Global Military Products Inc.) უკრაინისთვის 522 მილიონი დოლარის ღირებულების საარტილერიო ჭურვები დაუკვეთა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უკრაინისთვის აშშ-სა და სხვა დასავლელი პარტნიორების მიერ გადაცემული ჭურვების სწრაფად ამოწურვის ტენდენციის ფონზე, მღელვარებამ იმატა.

არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის ახალი საბრძოლო მასალის მიწოდება მიმდინარე წლის მარტშია დაგეგმილი.

ომის დაწყებიდან უკრაინამ და რუსეთმა დიდი რაოდენობით საარტილერიო საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ნოემბერში, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ რუსული ძალები დღეში დაახლოებით 20 000-ს, უკრაინელები კი 4 000-დან 7000-მდე საარტილერიო გასროლას ახორციელებდნენ. ზამთრის დადგომასთან ერთად დარტყმებმა იკლო, რადგან ორივე მხარე საბრძოლო მასალის დეფიციტს განიცდის.

მანამდე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 13 თებერვალს გამართლ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ NATO-მ თავდაცვის ინდუსტრიული შესაძლებლობების გაზრდაზე უნდა იფიქროს.

"უკრაინაში მიმდინარე ომი საჭიროებს უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალას და ამცირებს მოკავშირეთა მარაგს. უკრაინის მიერ საბრძოლო მასალის დახარჯვის ამჟამინდელი მაჩვენებელი ბევრჯერ აღემატება ჩვენი წარმოების ამჟამინდელ მაჩვენებელს." - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები