რუსეთი-იაპონია

რუსეთი იაპონიას, საზღვრებთან რაკეტების განლაგების შემთხვევაში, საპასუხო შედეგებით ემუქრება

იაპონური Type 12-ის ტიპის ხომალდსაწინააღდეგო რაკეტა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იაპონიას ემუქრებიან, რომ მათ საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოების, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტების განთავსებას საპასუხო შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ითამაშა. 

"გავაგრძელებთ იაპონურ სამხედრო მშენებლობაზე ყურადღებით დაკვირვებას და შორეულ აღმოსავლეთში ჩვენი რეგიონებისთვის ნებისმიერი პოტენციური საფრთხის გამოჩენის შემთხვევაში, რუსეთის თავდაცვის დოქტრინის შესაბამისად, საპასუხო ქმედებებს მივიღებთ". – თქვა რუდენკომ.

რუდენკოს მტკიცებით, იაპონია რუსეთის საზღვრებთან "სახიფათო საქმიანობას" ეწევა.

ბოლო თვეებში იაპონია თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას ცდილობს, მათ შორის სარაკეტო სისტემების დახვეწით. მთავრობა საკუთარი წარმოების რაკეტებისთვის 5 ტრილიონი იენის ($36 მილიარდი) გამოყოფას განიხილავს.  ტოკიოს ხომლადსაწინააღდეგო Type 12-ის რაკეტების გაუმჯობესება სურს, ასევე Tomahawk-ის ტიპის ამერიკული ფრთოსანი რაკეტების განთავსებაც.

იაპონურ მედიაში გასულ თვეებში გავრცელებული ინფორმაციით, იაპონია აპირებს შექმნას ორი დანაყოფი, რომელიც ბალისტიკური ჰიპერბგერითი რაკეტებით იქნება შეიარაღებული და მათ ჰოკაიდოსა და კიუშიუს კუნძულებზე განათავსებენ. თავდაპირველი ცნობებით, მათზე მუშაობის დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იაპონია 3 000 კილომეტრის მანძილის მქონე რაკეტების შემუშავებასა და მათ 2030-იანებისთვის განლაგებას აპირებს.

იაპონიის თავდაცვის პოლიტიკაში არსებული ცვლილებები უკრაინის ომს და ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მზარდ აგრესიულ ქმედებებს უკავშირდება.

ტოკიოსა და აშშ-ს "სტრატეგიული პასუხით" დაემუქრა ჩინეთიც, თუ ვაშინგტონი იაპონიაში საშუალო მანძილის რაკეტების განთავსებას დათანხმდება.

კომენტარები