იაპონიის საზღვრის მახლობლად ჩინურ ავიაგამანადგურებლებთან ერთად Ту-95-ის ტიპის ორმა რუსულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა საპატრულო ფრენა შეასრულა.
როგორც იაპონიის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, 9 დეკემბრის საღამოს რუსულმა ბომბდამშენებმა იაპონიის ზღვის მხრიდან აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვისკენ ფრენა დაიწყეს. ამ მიმართულებაზე ისინი ჩინურ H-6-ის ტიპის ბომდამშენებს შეხვდნენ და წყნარი ოკეანის თავზე "ერთობლივი ხანგრძლივი ფრენა" შეასრულეს. ამ თვითმფრინავებს შემდეგ შეუერთდა J-16-ის ტიპის ოთხი ჩინური ავიაგამანადგურებელი. გამანადგურებლებმა იაპონურ კუნძულებს, ოკინავასა და მიაკოს შორის გაიფრინეს, რაც საერთაშორისო წყლებია.
იაპონიის თავდაცვის უწყებაში იაპონიის ზღვაში რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების აქტიურობაც შენიშნეს. აქ დაფრინავდა А-50-ის ტიპის წინასწარი გაფრთხილების თვითმფრინავი და Су-30-ის ტიპის ორი ავიაგამანადგურებელი.
იაპონიის თავდაცვის მინისტრი, შინჯირო კოიძუმი შემთხვევას X-ზე გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსულ-ჩინური ერთობლივი ოპერაციის "ცხადი მიზანი იყო ძალის დემონსტრაცია" იაპონიის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ეს იაპონიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის "სერიოზული შეშფოთების საგანია". თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ-ჩინური თვითმფრინავების დასაკვირვებლად ტოკიომ საკუთარი ავიაგამანადგურებლები ააფრინა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ ჩინეთის საჰაერო ძალებთან ერთობლივი ფრენის შესრულება "სამხედრო თანამშრომლობის გეგმის რეალიზაციის ფარგლებში მოხდა". უწყებაში ირწმუნებიან, რომ ფრენები "არაა მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ".
როგორც Reuters-ი ამახვილებს ყურადღებას, ერთობლივი ფრენა მას შემდეგ შესრულდა, რაც იაპონიის პრემიერმინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ თქვა, რომ ტოკიო პასუხს გასცემს ჩინეთის ნებისმიერ სამხედრო ქმედებას ტაივანის წინააღმდეგ, თუ ეს ეროვნულ უსაფრთხოებასაც შეუქმნის საფრთხეს.





