რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედია: რუსეთში ბომბსაფრებს აქტიურად ამოწმებენ და აახლებენ

ბომბსაფრის ჩასასვლელი მოსკოვში.
Vladimir Gerdo/TASS

ინგლისურ და რუსულენოვანი გამოცემა, The Moscow Times-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში ბომბსაფრების სისტემებს სისტემურად ამოწმებენ და აახლებენ.

როგორც გამოცემა წერს, წლების განმავლობაში მივიწყებულ ბუნკერებსა და თავშესაფრებზე, უკრაინაში ომის პარალელურად, ადგილობრივმა მთავრობებმა ასობით მილიონი რუბლის დახარჯვა დაიწყეს, რათა ეს ობიექტები კვლავ გამოსადეგი იყოს.

"ბომბსაფრების ქსელის ინსპექციის გადაწყვეტილება მთავრობამ გაზაფხულზე მიიღო... ფართომასშტაბიანი შემოწმებებისა და გამართვის ბრძანება გადაუდებელი სიტუაციების სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ და სხვა სამოქალაქო სამინისტროებმა გასცეს". – ანონიმურად თქვა რუსმა მაღალჩინოსანმა მედიასთან. 

რუსეთში საჯაროდ არ გამოუცხადებიათ, რომ თავშესაფრების განახლებას აპირებენ, თუმცა ვრცელდებოდა ცნობები, რომ ადგილობრივი ხელისუფლებები მსგავს ობიექტებს აახლებდნენ. The Moscow Times-თან რუსმა მაღალჩინოსნებმა ამ სახის ცნობები პირველად დაადასტურეს. გამოცემის ცნობით, ბომბსაფრების შემოწმება უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო და წელსაც გაგრძელდება, როგორც ამას წყაროები ამბობენ.

ცნობებით, კრასნოდარის ოლქში ადგილობრივი მთავრობა ბომბსაფრებზე 6 მილიონ რუბლს ($260 000) დახარჯავს, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი 50 მილიონ რუბლს ($712 000), ქალაქი რიაზანი კი დაახლოებით მილიონ რუბლს ($14 240).

ბომბსაფრების განახლების ბრძანების შესახებ არსებული ბრძანების არსებობა The Moscow Times-თან რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთი ოლქის ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსანმა დაადასტურა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს რეგიონი ფრონტის ხაზიდან 7 000 კილომეტრით შორს მდებარეობს.

"მოსკოვმა ბრძანება გასცა, რომ ეს სამუშაოები, შემოწმება და შეკეთება ყველგან ჩატარდეს". – თქვა მაღალჩინოსანმა.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ დაფინანსებების სამთავრობო ვებგვერდზე ხშირად ჩნდება თავშესაფრების განახლების ტენდერები. მაგალითად, ნოემბერში, სამარის ოლქში გამოცხადებული იყო 3.8 მილიონი რუბლის ($54 100) ღირებულების ტენდერი, რომლის მიხედვითაც, ბომბსაფარი წყალგამძლე უნდა გაეხადათ. 

"არავის სჭირდებოდა [ბომბსაფრები] საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ახლა, ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის გამო, კრემლმა ყველაფრის მოგვარების ბრძანება გასცა". – თქვა The Moscow Times-თან რუსეთის ერთ-ერთი დასავლეთის ოლქის მაღალჩინოსანმა.

გამოცემის თქმით, მთელ ქვეყანაში ჩატარებული შემოწმებები მიუთითებს, რომ რუსეთს ამჟამინდელი მოსახლეობის რაოდენობისთვის საკმარისი თავშესაფრები არ აქვს.

კომენტარები