ფორმულა

გაფიცული ოპერატორები: მენეჯმენტი განხილვისთვის ღია არ აღმოჩნდა, შეურაცხყოფა მოგვაყენეს

ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას საინფორმაციო სამსახურის გაფიცული ვიდეო-ოპერატორები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ პროტესტი შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო.

"ჩვენი მხრიდან ეს პროცესი დაიწყო ჩვენი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით და მას რაიმე სხვა მიზნები ან ქვეტექსტი არასდროს ჰქონია, როგორც ამის წარმოჩენას ტელეკომპანია ფორმულა ცდილობს. მოთხოვნის გაჟღერებისთანავე ჩვენი მოქმედებები იყო კონსტრუქციული და მოლაპარაკებებზე ორიენტირებული.

ამას ადასტურებს ისიც, რომ ამ დრომდე ვცდილობდით პროცესი დარჩენილიყო ორგანიზაციის შიგნით და არ გამოგვეტანა საჯაროდ, რათა დაგვეტოვებინა კომპანიასთან შეთანხმების სივრცე და კრიტიკული მედიისთვის, რომლის არსებობა ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, არ მიგვეყენებინა რეპუტაციული ზიანი. სამწუხაროდ, ტელეკომპანია ღია არ აღმოჩნდა ჩვენი მოთხოვნების განხილვისთვის და  მენეჯმენტმა პირველივე კომუნიკაციაში ამ თემაზე შეურაცხყოფა მოგვაყენა. ამის საპირისპიროდ, მენეჯმენტმა სრულად უარყო ჩვენი მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობა და მალევე, როგორც კი ეს პროცესი საჯარო გახდა, დაიწყო "გარე ძალების" ჩართულობაზე საუბარი, რაც ჩვენთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია. ჩვენ ამდენი წელი, ნაწილი დაფუძნებისთანავე, ვმუშაობთ ტელეკომპანია ფორმულაში და სწორედ ჩვენს მძიმე შრომაზე და პროფესიულ თავდადებაზე იდგა საინფორმაციო სამსახურის ფუნქციონირება". – ნათქვამია განცხადებაში.

გაფიცული თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ფორმულა ცდილობს გადაფაროს ტელეკომპანიაში არსებული რეალური პრობლემები.

"ჩვენი შეფასებით, სამსახურში არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა ოპერატორის მძიმე პროფესიასთან და სამუშაო რეჟიმთან. საინფორმაციო სამსახურის ოპერატორების მინიმალური ხელფასი მხოლოდ 500 ლარია. საშუალო ხელფასი 2 500 ლარი კი, რაზეც კომპანია აპელირებს, გაფიცული 25 ოპერატორიდან მხოლოდ 6 აქვს და მასზე აქცენტირება უსამართლოა, ეს ადამიანები ტელევიზიაში მუშაობენ გახსნის დღიდან.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შრომითი ანაზღაურების გაუმჯობესებას ვითხოვთ, თუმცა მთელი ეს დრო ჩვენი მოთხოვნები პრაქტიკულად უპასუხოდ რჩებოდა და ხელფასის ზრდას მინიმალური ხასიათი ჰქონდა". – ნათქვამია განცხადებაში.

ოპერატორები ამბობენ, რომ ტელეკომპანიას ჯერ ხელფასების 10%-ით მატება, ხოლო შემდეგ ეტაპობრივი მატება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

"ჩვენ, ჩვენი პროფესიის პატივისცემისა და ქვეყანაში კრიტიკული მედიის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მზად ვართ წარმოშობილი სიტუაცია კვლავ მოლაპარაკებების რეჟიმში დავაბრუნოთ, თუ ეს კომუნიკაცია და დიალოგი ჩვენი ღირსების პატივისცემით წარიმართება და შრომითი და სოციალური საკითხების საქმიან და სამართლიან გარემოში განხილვის შესაძლებლობას მოგვცემს". – ნათქვამია განცხადებაში.

ფორმულამ 25 ოპერატორი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, თანამშრომლები ხელფასის 500 ლარით მომატებას ითხოვდნენ და 1-ელ თებერვალს მოვალეობების შესრულებაზე უარი თქვეს. 

ფორმულას განცხადებით, აღნიშნულ დეპარტამენტში ანაზღაურება 1 000-დან 3 000 ლარამდე მერყეობს, საშუალო ხელფასი კი 2 500 ლარია. ოპერატორები თვეში 15 დღე მუშაობდნენ.  

განცხადების მიხედვით, ტელეკომპანიას ოპერატორებთან მოლაპარაკების "არაერთი მცდელობა" ჰქონდა, რადგან ამ ეტაპზე ხელფასს ვერ გაუზრდიდნენ, თუმცა მათ კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებაზე უარი თქვეს.

4 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ფორმულა 2-მა ჟურნალისტმა – მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმაც დატოვა.

კომენტარები