ფორმულა

ფორმულამ 25 ოპერატორი გაათავისუფლა – ტელეკომპანიის განცხადება

ფორმულა

ფორმულამ 25 ოპერატორი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, თანამშრომლები ხელფასის 500 ლარით მომატებას ითხოვდნენ და 1-ელ თებერვალს მოვალეობების შესრულებაზე უარი თქვეს. 

ფორმულას განცხადებით, აღნიშნულ დეპარტამენტში ანაზღაურება 1 000-დან 3 000 ლარამდე მერყეობს, საშუალო ხელფასი კი 2 500 ლარია. ოპერატორები თვეში 15 დღე მუშაობდნენ.  

განცხადების მიხედვით, ტელეკომპანიას ოპერატორებთან მოლაპარაკების "არაერთი მცდელობა" ჰქონდა, რადგან ამ ეტაპზე ხელფასს ვერ გაუზრდიდნენ, თუმცა მათ კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებაზე უარი თქვეს. 

განცხადებას სრულად გთავაზობთ. 

გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ფორმულაში მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს. საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რა წნეხის, დევნის და ფინანსური შემოსავლების შეზღუდვის პირობებში უწევს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას საქმიანობა. ამის მიუხედავად, ფორმულას არასდროს დაურღვევია ვალდებულებები საკუთარი თანამშრომლების წინაშე.

31 იანვარს, 25-მა ოპერატორმა მოითხოვა ხელფასის დაუყოვნებლივ 500 ლარით მატება. აქვე ვიტყვით, რომ სახელფასო ანაზღაურება აღნიშნულ დეპარტამენტში მერყეობს 1000-3000 ლარამდე, საშუალო ხელფასი 2500 ლარია, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა თვეში - 15 დღე.

ადმინისტრაციის განმარტების მიუხედავად, რომ ახლა მატება შეუძლებელი იყო, ოპერატორებმა აღარ ისურვეს დიალოგის გაგრძელება და მეორე დღიდანვე (1 თებერვლიდან) უარი თქვეს საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე. ამ დღეების განმავლობაში ტელევიზიის ფუნქციონირებას შეექმნა საფრთხე. ჩავარდა გადაღებები და საინფორმაციო სამსახური ხარვეზებით ოპერირებდა.

1-ლი თებერვლიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ფორმულას ადმინისტრაციას ჰქონდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების არაერთი მცდელობა. ვთხოვდით, დაბრუნებოდნენ თავიანთ სამუშაო გარემოს, შეესრულებინათ კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები და ვთავაზობდით ალტერნატივებს. განვუმარტეთ, რომ კომპანიას ამ ეტაპზე არ ჰქონდა ხელფასის ყველასთვის ზრდის საშუალება. თუმცა, შევთავაზეთ, რომ მათ უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაციით, ინდივიდუალურად ყოფილიყო განხილული ხელფასის სამომავლოდ მატების საკითხი და კრიტერიუმები. გვჯერა, რომ ხელფასის მატება ინდივიდუალური მოლაპარაკების საკითხია და მიბმულია თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე, უნარებსა და პასუხისმგებლობაზე.

მოლაპარაკებები მიმდინარეობდა როგორც ზეპირად, ისე წერილობით. სამი დღის განმავლობაში, მათგან ისმოდა, რომ მხოლოდ თავიანთ ულტიმატუმზე იდგნენ და არ აპირებდნენ მის შეცვლას/რამე კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას.

უფრო მეტიც, როდესაც ვცდილობდით მოკლე დროში გამოძებნილი ოპერატორების მცირე რესურსით გვემუშავა, რათა ნიუსგამოშვებები ეთერში გაგვეშვა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფები პირადად და სხვა ოპერატორების გავლით უკავშირდებოდნენ გადაღებაზე გასულ ჩვენს თანამშრომლებს და აყენებდნენ შეურაცხყოფას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ იქნა დაცული გაფიცვის გამოცხადების კანონით დადგენილი ვადები და წესი. ტელეკომპანიის ადმინისტრაციას ოფიციალური შეტყობინება გაფიცვის გამოცხადების (მუშაობის შეწყვეტის) შესახებ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების მიხედვით არ მიუღია.

ოპერატორებმა 3 დღის განმავლობაში უხეშად დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ტელეკომპანიას, რასაც შესაბამისად მოჰყვა გაფრთხილებები და შემდგომ კონტრაქტის შეწყვეტა. ვწუხვართ, რომ პროტესტის ფორმები და შერჩეული დრო ძალიან მძიმედ აისახა ფორმულას ყველა თანამშრომელზე. სამწუხაროა, რომ ოპერატორებმა არც კანონით დადგენილი ვადა დაიცვეს და არც კოლეგიალობა.

მკაფიოდ გვინდა განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია დგას თითოეულ თანამშრომელზე და ყველა მათგანი ჩვენთვის ფასეული და მნიშვნელოვანია. ასევე, გვწამს პროტესტის ძალის და 3 წელზე მეტია, შეძლებისდაგვარად ვდგავართ დაჩაგრულთა მხარეს. გაგვიშუქებია გაფიცვებიცა და ბოიკოტებიც, გვესმის ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა როგორ აისახება ადამიანებსა და მათ ოჯახებზე. თუმცა, არ და ვერ ვითანამშრომლებთ ადამიანებთან, რომელთაც ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი თავად არ აქვთ გააზრებული. 

დღეს, 4 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ფორმულა 2-მა ჟურნალისტმა - მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა დატოვა. 

როგორც ქურასბედიანი ტაბულასთან საუბარში ამბობს, მიზეზი გაფიცული ოპერატორების მიმართ ხელმძღვანელობის დამოკიდებულება იყო. 

"ვადასტურებ, რომ დავტოვე არხი 1 თებერვალს, საკუთარი განცხადების საფუძველზე. ეს იყო არხის ვიდეო ოპერატორების გაფიცვის პირველ დღეს. მიზეზი გახდა ხელმძღვანელების დამოკიდებულება გაფიცული თანამშრომლების მიმართ. სამართლიანი პროტესტოს წინაღმდეგ ხელმძღვანელობამ ცილისმწამებლურ კამპანიას მიმართა, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი და ამიტომ დავტოვე არხი. არხის დატოვებას კავშირი არ აქვს სარედაქციო პოლიტიკასთან. მეტ დეტალზე საუბარი ამ მომენტში არ მსურს". - უთხრა მან ტაბულას

იმავე მიზეზს ასახელებს ქეთი ხიდიშელიც. 

"დავტოვე ფორმულა ოპერატორების გაფიცვის პირველივე დღეს - 1 თებერვალს. მიზეზი იყო ხელმძღვანელობის დამოკიდებულება გაფიცული თანამშრომლების მიმართ. სარედაქციო პოლიტიკასთან ჩემს გადაწყვეტილებას კავშირი აქვს". - უთხრა ქეთი ხიდიშელმა ტაბულას

კომენტარები