რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია ადასტურებს, რომ უკრაინას Leopard 1-ებსაც გადასცემს

Leopard 1

გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 1-ის ტიპის ტანკებსაც გადასცემენ. 

დამატებითი დეტალები მას არ დაუზუსტებია.

აქამდე გერმანულ მედიაში დაიწერა, რომ შეიარაღების მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ი 88 Leopard 1-ის შეკეთებას და კიევისთვის მიყიდვას გეგმავდა. 

როგორც გერმანული გაზეთი Sueddeutsche Zeitung-ი წერდა, გერმანია უკრაინას Leopard 2-ების გარდა Leopard 1-ებსაც გადასცემდა.

ეს ტანკები ქარხნების საცავებიდან იქნება გამოყოფილი და, როგორც გაზეთი მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერს, ისინი უკრაინაში, შეკეთების შემდეგ, შეიძლება ნებისმიერ დროს ჩავიდნენ. 

ასევე, გაზეთში აღნიშნული იყო, რომ გერმანულ იარაღის მწარმოებელ კომპანიებს ათობით Leopard 1-ის შეკეთება სურთ და უკრაინას მიყიდიან, თუ კიევისგან ამისი სურვილი იქნება.

ამას გარდა, გაზეთი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის წარმომადგენლები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ კატართან, რათა კიევისთვის გადასაცემად გამოესყიდათ Gepard-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის თვითმავალი სისტემები, რომლებიც დოჰამ ბერლინისგან მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონის დასაცავად შეიძინა. საუბარია Gepard-ის 15 ერთეულზე.

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკსა და შესაბამის ნაწილებს გაგზავნის. აქამდე, გერმანიამაც დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2A6-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემს და პარტნიორ ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების ექსპორტის უფლებას მისცემს.

კომენტარები