რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს

Abrams-ის ტიპის ტანკი Noble Partner 16-ის წვრთნების გახსნის ცერემონიაზე, ვაზიანის ბაზა.

აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31ტანკს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმართვის დროს ისაუბრა.

ჯო ბაიდენის თქმით, ამ ინიციატივას რეკომენდაცია თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გაუწია.

"დღეს ვაცხადებ, რომ აშშ უკრაინაში 31 Abrams-ის ტანკს, ერთი უკრაინული ბატალიონის ეკვივალენტს გაგზავნის. ეს ნაბიჯი მდივანმა ოსტინმა შემოგვთავაზა, რათა გაძლიერდეს უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიის დაცვის შესაძლებლობა და მიაღწიონ სტრატეგიულ მიზნებს". – თქვა ბაიდენმა.

ამას გარდა, აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ Abrams-ის ტანკები მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი, თუმცა რთული შესანახია და ამიტომაც უკრაინას შესაბამის ნაწილებსა და აღჭურვილობასაც გადასცემენ. მისივე თქმით, ამერიკელები უკრაინელ ტანკისტებს გაწვრთნიან.

ჯო ბაიდენმა უკრაინის კონტრიერიშისთვის საჭირო შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

"საკუთარი ტერიტორიის გასათავისუფლებლად სჭირდებათ ბრძოლის ველზე რუსეთის ცვლადი ტაქტიკებისთვისა და სტრატეგიისთვის წინააღმდეგ მოქმედება, სჭირდებათ მანევრირების შესაძლებლობის გაუმჯობესება გაშლილ რელიეფზე და მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, რომ რუსეთის აგრესია შეაჩერონ და თავი დაიცვან დიდი ხნის განმავლობაში". – თქვა ჯო ბაიდენმა.

აქამდე, გასულ დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას არაუგვიანეს 25 იანვარს გამოაცხადებდა.  როგორც Associated Press-ი ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, საუბარი იყო 30-ზე მეტ ტანკზე.

აქამდე გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინას 14 Leopard 2A6-ს გაუგზავნიდნენ. როგორც გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, კიევი პარტნიორებისგან ჯამში 80-მდე ტანკს მიიღებს. ბერლინმა პარტნიორ ქვეყნებს ნება მისცა, რომ უკრაინას საკუთარი წარმოების ტანკები გაუგზავნონ. მსგავსი მოთხოვნა უკვე გამოაცხადა პოლონეთმა.

როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, უკრაინა პირველ ლეოპარდებს დაახლოებით 3 თვეში მიიღებს.

რუსეთს ეშინია, რომ დასავლეთი უკრაინას ახალი ტანკებისთვის ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემს

კომენტარები